ირაკლი კობახიძის გაპრემიერება პარლამენტის თავმჯდომარისთვის ისტორიული მომენტია

31.01.24 13:13
ირაკლი კობახიძის გაპრემიერება პარლამენტის თავმჯდომარისთვის ისტორიული მომენტია

ირაკლი კობახიძის გაპრემირება პარლამენტის თავმჯდომარისთვის ისტორიული მომენტია. ვინ წავა კიდევ პარლამენტიდან მთავრობაში პაპუაშვილმა, სავარუდოდ, არ იცის, თუმცა ადასტურებს, რომ  კობახიძის გარდა მინისტრთა კაბინეტში სხვა დეპუტატებიც მიდიან.

ღარიბაშვილის იძულებითი გადაყენება და დაანონსებული სამთავრობო ცვლილელები კი დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც ქვეყნის უკეთესი მომავალით ახსნა, თუმცა, ვერ თქვა რატომ იქნება უკეთესი კობახიძის პრემიერობა ქვეყნისთვის და რა ვერ გააკეთა ღარიბაშვილმა.

„რაც შეეხება მის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს, ვფიქრობ, ყველა თანხმდება იმაზე [მგონი, ოპოზიციაც თანხმდება], რომ ეს სამი წელი გამორჩეული იყო პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევებით, საქართველომ შეძლო, რომ ფაქტობრივად, იმ გამოწვევებით სავსე გარემოში, რაც ჩვენს გარშემოა უსაფრთხოების მხრივ - ომები, კონფლიქტები, მათ შორის პანდემიის ბოლო ეტაპი დაემთხვა მის პრემიერ-მინისტრობას, მისი ხელმძღვანელობით საქართველომ შეძლო ისტორიული პოლიტიკური მიღწევები ჰქონოდა კანდიდატის სტატუსის სახით და ასევე, ისტორიული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. შესაბამისად, ეს სამი წელი იყო ძალიან წარმატებული, გამოწვევებით სავსე დრო და მან თავად ახსნა, რატომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება ახალ პრემიერ-მინისტრს, კანდიდატურა ხვალ, პოლიტსაბჭოზე იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძე არის ის კანდიდატურა, რომელზეც პარტია მსჯელობს. აქაც მნიშვნელოვანია, ერთ რამეს გაესვას ხაზი, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერ-მინისტრი, ესეც იქნება ისტორიული მომენტი. სხვა კანდიდატურა არ განიხილება. ისტორიული მომენტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის ვინაიდან, პირველად, მას შემდეგ, რაც საქართველო გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე, პრემიერ-მინისტრი წამოვა რეალურად საპარლამენტო წიაღიდან. პრინციპში, ეს არის მიზანი და იდეა საპარლამენტო დემოკრატიებისა, როდესაც საპარლამენტო გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები შემდეგ არიან წარმოდგენილი მთავრობაში პრემიერ-მინისტრის სახით, თუ სხვა სახით თუ სხვა სახით", - ამბობს პაპუაშვილი.