პაპუაშვილი პრეზიდენტისგან კონსტიტუციის დარღვევის აღიარებას ითხოვს

31.01.24 13:26
პაპუაშვილი პრეზიდენტისგან კონსტიტუციის დარღვევის აღიარებას ითხოვს

6 თებერვალს პარლამენტს და ქართულ საზოგადოებას პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პარლამენტისთვის სათქმელი არაფერი აქვს, რადგან მან კონსტიტუცია დაარღვია.

პაპუაშვილი პრეზიდენტისგან აღიარებას მოელის, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია და სალომე ზურაბიშვილისგან პირობას ითხოვს, რომ ეს აღარ გაიმეოროს. 

„პარლამენტის რეგლამენტით საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის {პრეზიდენტის} მიმართვა. შესაბამისად, 6-ში იქნება ეს მიმართვა. რა თქმა უნდა, ამ დროს მთავრობა ვერ იქნება დამტკიცებული. შესაბამისად, იმ პროცედურით გვექნება, როგორც ადრე არის ხოლმე.

დაგეგმვის პროცესი ჯერ არ გვაქვს - მოწვევებიც დაიგზავნება, მათ შორის დიპლომატიური კორპუსი არის ხოლმე მოწვეული და სხვადასხვა ჯგუფები, ასე, რომ ეს ყველაფერი დაიგეგმება. მას შესაძლებლობა მიეცემა, რომ საზოგადოებას და პარლამენტს მიმართოს.

სინამდვილეში სალომე ზურაბიშვილის სათქმელი არაფერი არ აქვს, უპირველეს ყოვლისა საქართველოს პარლამენტისთვის, მან დაარღვია კონსტიტუცია, ეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არის დადგენილი. ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე როგორც ჩანს ის უარს ამბობს. ერთადერთი, რასაც მისგან მე დიდი ხანია მოველი არის, რომ მან დაადასტუროს რომ კონსტიტუცია დაარღვია და დადოს პირობა, რომ ის აღარ დაარღვევს კონსტიტუციას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.