"არანაირ გადაწყვეტილებებს არ იღებს...ფინია რომ დავუძახო, კარგი იქნება?" - ოპოზიცია პაპუაშვილის თავდასხმებს პასუხობს
შალვა პაპუაშვილს ფინია რომ დავუძახო, კარგი იქნება? მის სიტყვას აზრი არ აქვს - ასე პასუხობს ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის თავდასხმას.
"სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ პააპუაშვილის ადგილას შერცხვებოდა, რადგან პარლამენტის თავმჯდომარეა და პრემიერ-მინისტრის გადაყენების შესახებ საქმის კურსშიც კი არა ჩააყენეს.
ჩიხუახუაზე ლაპარაკს არ სჯობს, კონსტიტუციით მეორე პირი რომ ხარ, რაღაც შეგეკითხონ, ზრდილობისთვის მაინც საქმის კურსში ჩაგაყენონ. რომ არ გეკითხებიან არაფერს, ეს უფრო ცუდი არ არის და სამარცხვინო არ არის ქვეყნისთვის? მე მაგალითად შემრცხვებოდა, რომ პარლამენტის ისეთი თავმჯდომარე ვიყო, რომ პრემიერ-მინისტრი გადააყენონ და ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდე. ეს არის პრობლემა, თორემ ჩიხუახუა და ძაღლის ჯიშებზე ლაპარაკი მეც შემიძლია. ფინია რომ დავუძახო, კარგი იქნება?", - აღნიშნა მანჯგალაძემ.
ორ დღიანი გაუჩინარების შემდეგ, დღეს შალვა პაპუაშვილი გამოჩნდა და მთელი ოპოზიცია გალანძღა, განსაკუთრებული შტურმი კი "ლელოზე" მიიტანა, თქვა, რომ ამ პარტიას "ჩიხუახუას" სინდრომი აქვს და რადიკალებად გამოაცხადა.
რატომღაც სულ დიდ გულზე არიან და ჰგონიათ, რომ მათ უნდა განსაზღვრონ პოლიტიკური დღის წესრიგი. არსებობს ასეთი ჩიხუახუას სინდრომი - იცით, რომ ჩიხუახუა ზომით პატარა ძაღლია, მაგრამ დიდი გული აქვს, რომ თავის ზომაზე აქვს გადაჭარბებული წარმოდგენა და შემდეგ შეებრძოლება ხოლმე უფრო სხვა ზომის ცხოველებს და საბოლოო ჯამში, ადეკვატურად ვერ აფასებს საკუთარ წონას და ზომას. ვფიქრობ, ამ სინდრომით არის "ლელო" წარმოდგენილი. პარლამენტში ორ დეპუტატს, გუშინ ვნახეთ, რომ უნდათ განსაზღვრონ პარლამენტის დღის წესრიგი. თან ამას ისეთ ტონალობაში, ისეთი გონორით, ისეთი ეგოთი წარმოაჩენენ, რომ არ ვიცი უკვე, ირონიის და სიცილის გარდა, სხვა რეაქციას არ იწვევს. ვხედავთ, რომ პარტია "ლელო" იქცევა ყველაზე რადიკალურად და ევროკავშირმა შესაბამისი რეაქციები უნდა მისცეს", - ამბობს პაპუაშვილი.
პაპუაშვილის თავდასხმის მიზეზი "ლელოს" გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე უარი თქვა. "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას სერიოზულად ვერ აღიქვამს, რადგან მისი თქმით, პაპუაშვილს არანაირი წონა არ აქვს "ოცნებაში" და მხოლოდ, იმ მესიჯბოქსს ახმოვანებს, რასაც მისი "ფარული ხელმძღვანელი"ეტყვის.
შალვა პაპუაშვილი არის ადამიანი, რომელიც არ წარმოადგენს არანაირ სერიოზულ ფიგურას, რადგან მას არ გააჩნია დამოუკიდებლობის არანაირი კოეფიციენტი. ის არანაირ გადაწყვეტილებებს არ იღებს, ის არის მხოლოდ და მხოლოდ, იმ მესიჯბოქსის გამხმოვანებელი, რომელსაც პარტიის ფარული ხელმძღვანელი ჩაუგდებს მას "ვოთსაფზე", ან "სიგნალის" პლატფორმაზე და ის გაიმეორებს ერთი-ერთში რუსულ მესიჯებს, იმ მტრული სახელმწიფოს მესიჯებს, რომელსაც "ქართული ოცნება", პაპუაშვილი, ივანიშვილი, კობახიძე და ღარიბაშვილი ემსახურებიან. მათზე სერიოზული კომენტარის გაკეთება, ან მათ შეურაცხყოფაზე ჩვენი მხრიდან პასუხი არ იქნება", - აღნიშნა კუპრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის აგრესიის სამიზნე დღეს ხაზრაძე-ჯაფარიძის პარტიის გარდა მესამე სექტორიც იყო.