მთავრობის ნდობის გამოცხადების პროცედურას ოპოზიცია დაესწრება, თუმცა კობახიძის მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერს
მთავრობის ნდობის გამოცხადების პროცედურას ოპოზიცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაესწრება, თუმცა მხარს კობახიძის მინისტრთა კაბინეტს არ დაუჭერს.
თეონა აქუბარდიას თქმით, 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებული ვალდებულებები ახლა ირაკლი კობახიძის შეასრულებელი გახდება, ადამიანის, რომლელიც პოლიტიკოსის განცხადებით, ანტიდასავლური კამპანიით გამოირჩეოდა.
ამ ნდობის გამოცხადებაში მე ნამდვილად არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას, მაგრამ მე მექნება კითხვები, მათ შორის, მთავრობის იმ ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომელიც 9 რეკომენდაციას უკავშირდება და ახლა, სავარაუდოდ, პრემიერ კობახიძის გასაკეთებელი იქნება მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ის გამოირჩეოდა წლების მანძილზე ღია ანტიდასავლური კამპანიით, თავდასხმებით ჩვენს პარტნიორებზე", - ამბობს აქუბარდია.
აქუბარდია საუბრობს მთავრობის ახალი კაბინეტის სავარაუდო სიაზეც და ამბობს, რომ ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წინამორბედს, ანუ ჯუანშერ ბურჭულაძეს ნამდვილად აჯობებს.
ირაკლი კობახიძეს არც ისე დიდი გუნდი არ ჰყავს და გასაგებია, რომ ვინც ჰყავს, ყველა პარლამენტში იყო და ის ლოგიკურია, რომ გადაიყვანს მთავრობაში. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრები არ განსაზღვრავენ თავდაცვის პოლიტიკას და არც დიდი დამოუკიდებლობა აქვთ, რომელიც უნდა ჰქონდეთ, მე ვფიქრობ, რომ ბატონი ირაკლი ჩიქოვანი ბევრად აჯობებს წინამორბედს, გამომდინარე მისი გამოცდილებიდან", - ამბობს თეონა აქუბარდია.
პოლიტიკურ პარტიებში პირდაპირ ამბობენ, რომ სამთვრობო ცვლილებები რეალურად ივანიშვილის ახალი თამაშია და პაიკების გადანაწილებაში მონაწილეობას არ აპირებენ.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ პაიკებს, რომელსაც ივანშვილი საწადრაკო დაფაზე გადააადგილებს. ვწუხვარ, ამსი თქმა რომ მიწევს, მაგრამ ივანიშვილის პაიკები თავად ირჩევენ და თანხმდებიან პაიკობის როლს. ოლიგარქის სამარკო ნიშანი არის ტყუილი. ატყუებს საკუთარ მოქალაქეებს და ატყუებს ამომრჩევლებს", - აცხადებს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი.
ახალ მთავრობას მომავლ კვირას მხოლოდ "ოცნების" მხარდაჭერა ექნება. არ არის გამორიცხული "ოცნების" ზოგიერთი დეპუტატი პარლამენტიდან მთავრობაში აღმოჩნდნენ. ჯერ მხოლოდ სამი გვარი სახელდება - ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრად და ნიკა სამხარაძე ან მაკა ბოჭორიშვილი საგარეო უწყებაში. მათი დანიშვნა კი იმაზეა დამოკიდებული, ვის აუნთებს ივანიშვილი მწვანე შუქს კობახიძის გუნდიდან.