EU-ს წარმომადგენლობის ოფისში, ევროკომისიის წარმომადგენელი „ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება
ამ წუთებში ევროკავშირის ოფისში ევროკომისიის წარმომადგენელი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში, “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წევრებს ხვდება. შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირის 9 დათქმის შესრულების პროცესი წარმოადგენს.
“სტრატეგია აღმაშენებლის” საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის თქმით, ოპოზიცია 9 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს ევროკომისიის მაღალჩინოსანს გააცნობს:
ევროკავშირის 9 დათქმასთან დაკავშირებით ევროკავშირის ოფისში საინტერესო შეხვედრა მიმდინარეობს ევროკომისიის მაღალჩინოსანთან, რომელიც არის გაფართოებისა და სამეზობლო საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და რა თქმა უნდა, ევროკომისიის მთავარი ინტერესი არის, თუ რა ეტაპზეა 9 პუნქტის შესრულება და ჩვენი ხედვა, რა გაკეთდა და როგორ.
ჩვენ, "სტრატეგია აღმაშენებელი", რა თქმა უნდა, ამ პროცესებზე ვისაუბრებთ, რომ სამწუხაროდ, 9 რეკომენდაციის შესრულება იწელება და ბოლო შეხვედრიდან გამომდინარე, "ოცნება" პრიორიტეტების შესრულებას არ ჩქარობს. ოპოზიცია 9 პუნქტის შესრულების პროცესში აქტიურად ერთვება.
მათ შორის, ვითხოვთ, რომ შესრულდეს ის რეკომენდაციები, რომელსაც ვენეციის კომისია იძლევა, რაზეც "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ამის შესრულება შეუძლებელია. ამიტომ, განსხვავება არის ძირითადი იმაში, რომ " ოცნება" თვლის, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება არ არის მიზანშეწონილი და შეუძლებელია, ჩვენ, ოპოზიცია კი ვთვლით, რომ ეს შესაძლებელი და აუცილებელია"- განაცხადა ჩიხლაძემ