პრეზიდენტისგან სიურპრიზებს არ ველოდებით - კალაძე

31.01.24 17:19
პრეზიდენტისგან სიურპრიზებს არ ველოდებით - კალაძე

მოაწერს თუ არა ხელს ირაკლი კობახიძის გაპრემიერებას საქართველოს პრეზიდენტი? - თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან სიურპრიზებს არ ელოდებიან.

"რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რაიმე სიურპრიზებს არ ველოდებით", - ამბობს კალაძე.

იქნება თუ არა სიმბოლურ იმპიჩმენტზე სიმბოლური დემარშით პასუხი? - კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის მეთაურის დამტკიცებას ზურაბიშვილის ხელმოწერა სჭირდება - ქვეყნის მთავარ დოკუმენტში წერია, რომ ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტი ორ დღეში მაინც დამტკიცდება.

რას ამბობს კანონი: 

56-ე მუხლი; თავი 5: მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.