ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე... მალე აუცილებლად იქნება საბოლოო გადაწყვეტილება - მელია
ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე - ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე პოტენციურ ერთობაზე დასმულ კითხვას საჯარო განცხადებით სოციალურ ქსელში პასუხობს.
ნიკა მელია წერს, რომ ერთობას საფუძვლად უნდა ედოს ღირებულებითი პრინციპი და უნდა ასახავდეს ხალხის ინტერესს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ მალე აუცილებლად იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ამ და სხვა საკითხებზე, რომელიც იქნება საჯარო.
მელია წერს, რომ იქნება იქ, სადაც არ იარსებებს გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების მქონე არანაირი ხმა, გარდა ხალხის ხმისა.
შემომდის ბევრი ზარი და კითხვა მედიებისაგან პოტენციურ ერთობაზე და იმ ფორმასა თუ შინაარსზე, რომლითაც თანამოაზრეებთან ერთად შევალ საარჩევნო მარათონში.
ამიტომ, ვწერ პოსტს, რომლითაც შეგიძლიათ, იხელმძღვანელოთ და მიიღოთ ჩემს პასუხად.
ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე. ჩემი ეს პოზიცია არაერთგზის დამიფიქსირებია არა მხოლოდ სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებებით 2020 და 2021 წლებში და მისი ერთგული ვარ დღემდე.
გარდა იმისა, რომ მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგს, მაშინ ჩვენ მივიღეთ კონკრეტული გამოცდილებაც - ერთობას საფუძვლად უნდა ედოს ღირებულებითი პრინციპი და უნდა ასახავდეს ხალხის ინტერესს - არა მხოლოდ ტექნიკურად უნდა იყოს მოსახერხებელი ერთად ყოფნა, არამედ ამ ერთობით საზოგადოებრივი ინტერესის უკეთ ასახვა და უკეთ განხორციელება უნდა იყოს შესაძლებელი.
მალე აუცილებლად იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ამ და სხვა საკითხებზე, რომელიც იქნება საჯარო, ხალხის ინტერესითა და გამარჯვებისათვის საჭირო ქმედებებით ნაკარნახები - მე ვიქნები იქ, სადაც სისტემის დემოტაჟი, მისი ცვლილება ახალი ჯანმრთელი მოცემულობით იქნება შესაძლებელი; სადაც არ იარსებებს გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების მქონე არანაირი ხმა, გარდა ხალხის ხმისა - მათი მისწრაფებებისა და იქნება ორიენტირებული მომავალზე", წერს ნიკა მელია.