მთავრობაში 4 მინისტრის შეცვლის გეგმა "ოცნების" დეპუტატმა დაადასტურა - ვისი კაბინეტი დაიცლება ხვალ?

31.01.24 20:09
მთავრობაში 4 მინისტრის შეცვლის გეგმა "ოცნების" დეპუტატმა დაადასტურა - ვისი კაბინეტი დაიცლება ხვალ?

მთავრობაში 4 მინისტრის შეცვლის გეგმა "ოცნების" დეპუტატმა დაადასტურა - ნიკოლოზ სამხარაძეს ცვლილებები არ შეეხება. მისთვის საგარეო საქმეთა მინისტრობა არავის შეუთავაზებია. თუმცა დეპუტატი ადასტურებს, რომ დარჩიაშვილს სახლში უშვებენ და მისი შემცვლელის ვინაობაც უკვე გადაწყვეტილია. 

მინისტრების კაბინეტებისთვის კი "ქართულ ოცნებაში" ახლა დიდი შიდა კონკურენციაა. დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობაში უნდა მამუკა მდინარაძესაც, მისი კანდიდატურა იუსტიციის მინისტრად განიხილება, თუმცა კობახიძის პარლამენტიდან გასვლის შემდეგ, "ქართულ ოცნებას" პარლამენტში უმრავლესობის ლიდერიც სჭირდება. ამიტომ, ახლა არჩევანია გასაკეთებელი. ხვალ გავიგებთ აუსრულდება თუ არა ჯანდაცვის მინისტრობის დიდი ხნის სურვილი არჩილ თალაკვაძესაც, ის ამ პოსტზე ჯერ კიდევ ეკატერინე ტიკარაძის წასვლის შემდეგ ემზადებოდა, თუმცა ღარბაშვილმა არჩევანი მის ერთგულ კადრზე გააკეთა.

ახლა ვაკანტური ადგილების შესავსებად სიას მხოლოდ კობახიძე და ივანიშვილი ადგენენ. თუმცა მთავარი ინტრიგა ჯერ კიდევ წინაა. არავინ იცის, მოაწერს თუ არა ხელს კობახიძის გაპრემიერებას სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტის ეს უფლებამოსილება ფორმალობაა და მისი ხელის არმოწერა ვითარებას ვერ შეცვლის, თუმცა ეს იქნება შანსი ზურაბიშვილისთვის კობახიძის პოლიტიკურ მტრობას დემარშით უპასუხოს. 

თუ კობახიძის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ ინიცირებული იმპიჩმენტი სიმბოლური იყო, ახლა პრეზიდენტსაც შეუძლია სიმბოლური ნაბიჯი გადადგას და საქართველოს ჰყავდეს პრემიერი, რომელიც პოსტს პრეზიდენტის ხელმოწერის გვერდის ავლით დაიკავებს.  

ვისი კაბინეტი დაიცლება ხვალ და მოაწერს თუ არა ხელს პრეზიდენტი კობახიძის გაპრემიერებას? -  ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.