წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა
წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა - სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს თბილისის მერი მოადგილეებთან ერთად პირადად ათვალიერებს.
კალაძე ამბობს, რომ "ვინმემ არ უნდა იფიქროს, რომ პროექტი მთლიანად არის დამთავრებული".
მისი თქმით, სამუშაოები გაგრძელდება და უნდა მოეწყოს ტროტუარები, გაკეთდეს გამწვანება.
"საზოგადოებას დავპირდით, რომ იანვრის ბოლოს სამუშაოები დამთავრებული იქნებოდა. დღეს პირველი თებერვალია, საგზაო ნაწილში დასრულდა სამუშაოები, გადაადგილება ორმხრივად არის შესაძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება დედაქალაქისთვის. პარალელურად, არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ პროექტი მთლიანად დამთავრებულია, აქ საგზაო ნაწილზე იყო საუბარი და ეს სამუშაოები მორჩენილია, პარალელურად, მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა, გამწვანების სამუშაოები. ახალი განათების ბოძები გზის ერთ მხარეს დამონტაჟებულია, მეორე მხარეს მიმდინარეობს სამუშაოები. პარალელურად, დამონტაჟდება ახალი შუქნიშნები, დაიხაზება და ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც სხვა გამზირების შემთხვევაში და მართლაც ძალიან ლამაზი იქნება, როდესაც მარტში მთლიანად უკვე სამუშაოები იქნება დასრულებული", - თქვა კალაძემ.
მერია ამბობს, რომ ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მარტში დასრულდება.
წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის აპრილში დაიწყო.
მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე ორ კომპანიას - შპს ერ ტე დესა და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს კონტრაქტები 16 იანვარს შეუწყვიტა.