უმთავრესი მონაპოვარი, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა არის უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გაშვებული ირაკლი ღარიბაშვილი ისევ ბიძინა ივანიშვილს აქებს - უმთავრესი მონაპოვარი, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა არის უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა - ამბობდა ტრიბუნასთან ირაკლი ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილის მტკიცებით, "2012 საქართველომ განიცადა საოცარი ტრანსფორმაცია და დემოკრატიზაციის 10 წლიანი პროგრესით, საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანაში საუკეთესო ათეულშია".
ყოფილი პრემიერი ტრიბუნიდან იმეორებდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას მისცა განვითარების შანსი და მოუტანა უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა.
„ჩვენი ქვეყანა ლიდერია სასამართლო თავისუფლების, პასუხისმგებლობიანი მთავრობის, ბიზნესის თავისუფლების, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის და და ინოვაციებზე წვდომის მიმართულებით.
ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა ეს არის უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა..."- განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მისთვის "დიდი პატივია მმართველი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარედ არჩევა".
2011 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნებით შექმნა სახალხო პროცესი, რომელმაც შეძლო ის, რაც მანამდე შეუძლებელი იყო - დემოკრატიულად, არჩევნების გზით დაამარცხა ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ჩვენი ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს. ბოლო 12 წელში მთელ მსოფლიოში უდიდესი გამოწვევების, პოლიტიკურ-ეკონომიკური ჰუმანიტარული კრიზისების პირობებში, საქართველომ არა მხოლოდ შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ არსებითი ტრანსფორმაცია განიცადა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების, ეკონომიკური განვითარების, სოციალური თანასწორობის, ევროინტეგრაციის მიმართულებებით.