ასეთი აზროვნების ადამიანს საქართველოს წარმომადგენლად NATO-ში არაფერი ესაქმება - გეგელია ბურჭულაძეზე
NATO-ში საქართველოს ელჩად ჯუანშერ ბურჭულაძის შესაძლო დანიშვნას "ლელოში" ეხმაურებიან. გრიგოლ გეგელია თავდაცვის აწ უკვე ყოფილ მინისტრს 2023 წლის 12 მაისს გაკეთებულ განცხადებას ახსენებს და ბურჭულაძეს ეკითხება "ამ თვეების განმავლობაში მოახერხა თუ არა, უკეთ გაცნობოდა მსოფლიოს ისტორიას თუ კვლავ რუსული მითების საბრალო მსხვერპლია?"
გეგელიას თქმით, ასეთი აზროვნების ადამიანს საქართველოს წარმომადგენლად ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში არაფერი ესაქმება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, NATO-ში საქართველოს ელჩად ჯუანშერ ბურჭულაძის კანდიდატურა განიხილება. 2023 წლის 12 მაისს, ბატონმა ბურჭულაძემ ბრძანა, რომ ლიბერალური წესრიგი შესაძლოა "პირდაპირი საფრთხე იყოს ჩვენი სუვერენიტეტისთვის". ეს თქვა თავდაცვის სისტემის ხელმძღვანელმა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მეტ ფინანსურ მხარდაჭერად იღებს სწორედ დასავლური ლიბერალური წესრიგისგან, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენულობის ცალსახად უმთავრესი გარანტორია. დიახ, ასეთი სისულე თქვა რუსული ფაშიზმის მიერ ოკუპირებული სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრმა.
მსურს ბატონ ბურჭულაძეს ვკითხო, ამ თვეების განმავლობაში მოახერხა თუ არა უკეთ გაცნობოდა მსოფლიოს ისტორიას და იდეოლოგიებს, თუ კვლავ რუსული მითების საბრალო მსხვერპლია? და თუ ასეა, რა უნდა ასეთი აზროვნების ადამიანს საქართველოს წარმომადგენლად ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში? სახეზეა რუსეთის მსახური მთავრობის მიერ დაზიანებული ქართული საგარეო პოლიტიკის სრული და საბოლოო კრახ", - ამბობს გრიგოლ გეგელია.