რატომ თვლის კობახიძე ჩინეთთან დაახლოებას "განსაკუთრებულად" საჭიროდ? - რა ჩაწერა სამთავრობო პროგრამაში
როგორია პრემიერობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის საგარეო პოლიტიკური ხედვა - სამთავრობო გეგმაში, რომელიც მან პარლამენტს წარუდგინა გაჩნდა ჩანაწერი ჩინეთთან დაახლოებასთან დაკავშირებით.
კობახიძის სამთავრობო გეგმაში მთავარ პრიორიტეტად საქართველოს ევროკავშირსა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება რჩება, დეოკუპაციაზეც არის საუბარი და ასევე ხაზგასმულია, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის ფარგლებში ურთიერთობების განვითარებას დოკუმენტით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, მათ შორის კავშირების გაღრმავებას სავაჭრო-ეკონომიკური, ხალხთა შორისი, კულტურის, განათლების, სექტორულ და სხვა სფეროებში, ისევე როგორც საერთაშორისო ფორმატებში არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგის შენარჩუნება და აქტიური თანამშრომლობა ევროპასა და აზიას შორის საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის მოცულობების გაზრდის თვალსაზრისით," - წერია პროგრამაში.
სამთავრობო პროგრამის თანახმად, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის მიზნით, საქართველო გააგრძელებს მუშაობას ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ ქვეყნებთან - "ამ თვალსაზრისით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ძირითადი ნაბიჯების შესასრულებლად".
გლობალური და რეგიონული საერთაშორისო პოლიტიკური ცვლილებების პირობებში, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების, ქვეყნის მდგრადი, დემოკრატიული განვითარებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის განსაკუთრებულ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა, რაც გამყარებულია კონსტიტუციით სხვა საგარეო პოლიტიკურ ამოცანებთან ერთად. ასევე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტრატეგიულ პარტნიორებთან, ისევე როგორც, სხვა საერთაშორისო აქტორებთან თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას," - წერია პროგრამაში.