"ვთხოვ, ძვირფას ოპოზიციას, ეტლის ცხენივით თვალებზე ნუ აგვაფარებენ საფარებს" - როგორ ხსნის "ოცნება" კობახიძის გეგმებს

03.02.24 15:16
"ვთხოვ, ძვირფას ოპოზიციას, ეტლის ცხენივით თვალებზე ნუ აგვაფარებენ საფარებს" - როგორ ხსნის "ოცნება" კობახიძის გეგმებს

ორი ირაკლის, ორი იდენტური პროგრამა - ძველი პრემიერი წავიდა, ახალი მოდის, თუმცა მთავრობის სტრატეგიაში არაფერი იცვლება. კობახიძის სამთავრობო პროგრამა ერთი-ერთში იმეორებს ჩანაწერებს ღარიბაშვილის პროგრამიდან. ერთადერთი, რაც დაამატეს კომუნისტურ ჩინეთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაა.

"ქართულ ოცნებას" არგუმენტები არ დარჩა. სახელისუფლებო პარტია დილიდან იმის მტკიცებაშია, რომ ახალი მთავრობა კიდევ უფრო წარმატებული იქნება უცვლელი ხედვებით, თუმცა "ოცნებაში" ვერ ამბობენ, რას გააკეთებენ უფრო მეტს საიმისოდ, რომ  ევროპული დათქმები დროულად შესრულდეს. 

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული სტრატეგიული ურთიერთობები მათ შორის ჩინეთის მიმართულებით, არსებული გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, ძალიან ლოგიკურია, ამიტომაც "ოცნების" წევრი ოპოზიციას სთხოვს "ეტლის ცხენივით თვალებზე ნუ აააფარებენ საფარებს" მმართველ გუნდს.

„თუ დააკვირდებით სამთავრობო პროგრამის სათაურს, ის ყველაფერს ამბობს: „ევროპული სახელმწიფოსთვის“. ეს არის საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მიზანი, მაგრამ ამავდროულად საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც მოთავსებულია ლუქსემბურგს, ნიდერლანდსა და ბელგიას შორის. ჩვენ ვართ იმ რეგიონში, სადაც მრავალი ინტერესი იკვეთება, ამიტომ ჩვენი პოლიტიკაც ვალდებულია, რომ ამ მრავალი ინტერესის გადაკვეთის ადგილზე იყო ადეკვატურად მოწოდებული ყველა ამ ინტერესების თუ გამოწვევების საპასუხოდ. დღეს ერთ-ერთი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ დასავლეთ-აღმოსავლეთის დერეფნის სრულმასშტაბიანი რეალიზაცია მოხდეს, სახეზე გვაქვს. გამომდინარე აქედან, ჩინეთი არის ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მთავარი აქტორი და ეს მიმართულება, ბუნებრივია, რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება მთავრობის საქმიანობის. ამიტომ აქ ყველაფერი არის ლოგიკური და ნორმალური. ასე რომ, ძალიან ვთხოვ ჩვენს ძვირფას ოპოზიციას, ეტლის ცხენივით თვალებზე ნუ აგვაფარებენ საფარებს!"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ნინო წილოსანი კი ამბობს, რომ ახლა მთელი აქცენტი გადატანილია 2024 წლის გეგმებზე.

„2024 წლის ბოლოსკენ უკვე საპარლამენტო არჩევნებია, სადაც ჩვენი გუნდი, ირაკლი კობახიძისა და სხვა ლიდერების შემადგენლობით, უკვე მომდევნო 4 წლის განვითარების გეგმას წარმოადგენს. „ქართული ოცნება“ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე წარდგება რეფორმების და იმ განვითარების გეგმებით, რომელსაც ჩვენ მათ წინაშე საარჩევნოდ გამოვიტანთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მთელი ახლანდელი აქცენტი გადატანილია 2024 წლის გეგმებზე, სწორ განვითარებაზე, იმ ეკონომიკური ზრდის გაგრძელებაზე, რომელიც იყო და, რა თქმა უნდა, სტაბილურ განვითარებაზე“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.