12 წელი სათადარიგო სკამზე - რას იზამს კალაძე
კახი კალაძე 52%-ით პოლიტიკოსების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს - ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის ამ ბოლო კვლევით, რომელიც 2023 წლის აპრილით თარიღდება, თბილისის მერი პოლიტიკურ რეიტინგებში უსწრებს არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ მისი გუნდის ყველა სხვა დანარჩენ სახეს. კალაძეს ღარიბაშვილზე ცხრა პროცენტით მეტი რეიტინგი აქვს, ივანიშვილზე - 17%-ით უფრო მეტი. ქვეყნის ახალ პრემიერს - ირაკლი კობახიძეს კი კალაძე 21 პროცენტიანი უპირატესობით უსწრებს.
- რა მოხდება თუ კახა კალაძე "ქართული ოცნების" რიგებში აღარ იქნება?
"შაბათის ეთერს" ხელში ჩაუვარდა, ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის გამოკითხვის შედგები, რომელიც 2023 წლის დეკემბრით თარიღდება.
- დღეს რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?
ამ კითხვაზე პასუხის დროს ჩამონათვალში რესპონდენტებს "ქართული ოცნებისგან" დამოუკიდებლად კახი კალაძეს გუნდი დახვდათ. ჩვენს მიერ მოპოვებული მონაცემებით ირკვევა, რომ კალაძეს 11,5 %-იანი მხარდაჭერა აქვს და ის ძირითადად ხმებს ქართულ ოცნებას ართმევს.
- რა ხდება ბოლო 12 წელია?
უკვე 12 წელია, კახი კალაძე ბიძინა ივანიშვილის სათადარიგო მოთამაშის სკამზე ჰყავს. არადა "ქართული ოცნების" წევრები გვეუბნებიან, რომ ივანიშვილი კალაძეს ჯერ პრეზიდენტობას, შემდეგ კი პრემიერობას ჰპირდებოდა, თუმცა ყოველი გადამწყვეტი მომენტის წინ ეუბნებოდა, რომ კიდევ უნდა მოიცადოს. კალაძეს პრემიერობის შანსმა ამჯერადაც მიღმა ჩაუარა. ფსონი ივანიშვილმა მასზე ბევრად უფრო ნაკლებად რეიტინგულ ირაკლი კობახიძეზე დადო, ამით პარტია დაასუსტა, თუმცა კალაძეს შანსი ისევ არ მისცა.
თინა ხიდაშელი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის გვერდით 4 წელი გაატარა, და ოლიგარქისთვის არც თუ ისე შორეული ადამიანი იყო, გვიყვება, რომ ივანიშვილი კალაძეში ყოველთვის საფრთხეს ხედავდა. კალაძეს აქვს ბევრი ფული, მაღალი რეიტინგი რაც სავსებით საკმარისია დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშისთვის. ამიტომ მუდმივი დაპირებების რეჟიმით ივანიშვილი კალაძეს თან მის გუნდში ინარჩუნებს და თან წინსვლის საშუალებას არ აძლევს.
- ამდენი გადაგდების შემდეგ რატომ არ იწყებს კალაძე დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს?
ნათია მეზვრიშვილმა ყველაზე მეტი იცის. "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ჯერ ბევრი წელი პროკურატურაში იმუშავა, შემდეგ შს სამინისტროში, შემდეგ კი გახარიას მთავრობის ადმინისტრაცია ჰქონდა ჩაბარებული. გახარიას პარტიის ლიდერს ძალოვანებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის დიდი სტაჟით, ყოველთვის მიუწვდება ხელი, ისეთ ინფორმაციაზე, რაც გამოძიებას და აღძრულ საქმეებს ეხებოდა. დღეს ის პირდაპირ ამბობს, რომ კალაძე კომპრომატებით ჰყავთ დაბმული.
კალაძე "ქართული ოცნებისთვის" მხოლოდ თბილისი მერი არ არის. პარტიის გენერალურ მდივანს მისი ხალხი ჰყავს პარლამენტში და საქართველოს რეგიონებში. ამიტომ დამოუკიდებელი პოლიტიკურ თამაშის შემთხვევაში, აქვს გარანტია, შექმნას ამინდი პოლიტიკურ ველზე. ახლა მთავარი კითხვაა, გაბედავს თუ არა კალაძე ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლას?