ნაცვლიშვილი გომელაურს: რთულია, პოლიციელს სისტემამ მოტივაცია მოსთხოვოს, როცა სისტემა აიძულებს საქართველოში საქეიფოდ ჩამოსული ოკუპანტების ტაშ-ფანდური, მათი რესტორანში უსაფრთხოება დაიცვას
"ძალიან რთულია ქართველ პოლიციელს სისტემამ მოტივაცია მოსთხოვოს, როდესაც სისტემა მას აიძულებს საქართველოში საქეიფოდ ჩამოსული ოკუპანტების ტაშ-ფანდური, მათი რესტორანში უსაფრთხოება და სიმშვიდე დაიცვას, [სისტემას] ოკუპანტების დაცვად ჰყავს გადაქცეული", - ამ სიტყვებით მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა შს მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.
ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა ვახტანგ გომელაურის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ სისტემის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე და მოტივირებული პოლიციელია.
ძალიან რთულია პოლიციელებს მოტივაცია მოვთხოვოთ, როდესაც მათ რეპრესიული კანონების შესრულებას აიძულებს სისტემა და მაღალჩინოსნებისთვის ხელის დაფარებას. მე ოფიციალური სტატისტიკა მაქვს ხელთ, ამიტომ არის, რომ თქვენ სისტემას ყოველწლიურად ასობით პოლიციელი ტოვებს. მათ შორის, ტოვებენ იმდენად მძიმე გზის გავლით, როგორიც არის არალეგალური გზა ცნობილი მექსიკის საზღვრის გავლით. სამწუხაროდ, ასობით ადამიანი ტოვებს ქართულ პოლიციას.
მე ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენი ამოცანა და მოტივაცია არ არის საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა,“ - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა ვახტანგ გომელაურს.