მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა გარკვეულ ჩივილებს მაინც აღნიშნავს - ზურა ჩხაიძე სააკაშვილზე

05.02.24 13:45
მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა გარკვეულ ჩივილებს მაინც აღნიშნავს - ზურა ჩხაიძე სააკაშვილზე

"ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ონბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, გარკვეულწილად, ეთანხმება. ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ პატიმარი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა მას გარკვეული ჩივილები ჯერ კიდევ აქვს.  

პაციენტის მდგომარეობა, რა თქმა უნდა,  გაუმჯობესებულია, სტაბილურია მისი სასიცოცხლო პარამეტრები ჰერმოდინამიური თუ რესპირატორული მაჩვენებლები, თუმცა პაციენტი სუბიექტურად მაინც აღნიშნავს გარკვეული ხასიათის ჩივილებს, რაც ძირითადად, გამოიხატება ზოგად სისუსტეში, პერიოდული ხასიათის ტკივილებს აღნიშნავს კუნთების და სახსრების არეში. უტარდება პაციენტს სრულფასოვანი, თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისი მკურნალობა, - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.  

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით მყარი დადებითი პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა, - ასეთია სახალხო დამცველის კონსილიუმის ახალი დასკვნა.  ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობის გაუმჯობესების დადებითი დინამიკა აღენიშნება, რაც წონის მატებაში გამოიხატება, თუმცა, კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია კვლავ რჩება.