დაადეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილს - შალვა ნათელაშვილი აშშ-ს სენატორებს მიმართავს
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ამერიკელ სენატორებს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ნათელაშვილი ხელისუფლების ქმედებას ცინიზმს უწოდებს და ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ ფარატინა ქაღალდია, რადგან მას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ითვალისწინებს.
სენატორმა რიჩმა გააკეთა განცხადება და მოგვიწოდა, ხელი მოვაწოდოთ მიშელის დოკუმენტს, შევიდეთ ივანიშვილის პარლამენტში. ვეკითხები ჩვენს მეგობარ სენატორს, რომელ დოკუმენტს მოვაწერო ხელი? რომელიც ხელმოწერისთანავე დაირღვა და მისგან დარჩა ფარატინა ქაღალდი? შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლო რეფორმას, ჩავარდა, იგივე მოსამართლეებს გვინიშნავენ. ჩვენ გვართმევენ სარეკლამო დროს, ჩვენ გვართმევენ დაფინანსებას და გვეპატიჟებიან პარლამენტში. რა არის ეს, თუ არა კაცობრიობის ისტორიაში არნახული ცინიზმი? მე ვთხოვ სენატორ რიჩს და სხვა მეგობარ სენატორებს, დაადეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილს. ეს გამოიწვევს იმას, რომ საქართველოში დაიწყება დემოკრატიული პროცესების აღდგენა და ჩვენ დავუსხლტებით პუტინის კლანჭებს, - აცხადებს ნათელაშვილი.