პროკურატურა კახა კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს ბლოკავს და გამოძიებას არ იწყებს - თავაძე
პროკურატურა კახა კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს ბლოკავს და გამოძიებას არ იწყებს - ეს განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა შოთაძის უწყებასთან გააკეთა.
ზაზა თავაძე გამოკითხვაზე იყო დაბარებული, რადგან მან საგამოძიებო უწყებას კალაძის შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით გასულ წელს, აგვისტოში მიმართა.
გახარიას თანაგუნდელს ჰკითხეს, რატომ აქვს ეჭვი, რომ თბილისის მერი და მისი მოადგილეები ფინანსური დაინტერესების სანაცვლოდ ლობირებენ სამშენებლო ბიზნეს დედაქალაქში და რომელ პროექტებზეა საუბარი.
როგორც ზაზა თავაძე ამბობს, საუბარია რამდენიმე მსხვილ მშენებლობაზე, მათ შორის არის "ქართული ოცნების" დეპუტატ ნინო წილოსნის ოჯახთან დაკავშირებული მშენებლობები, ნოშრევან ნამორაძესთან დაკავშირებული მშენებლობები და ლაგუნა ვერეს რეაბილიტაცია. ამის უკან კი, თავაძის მტკიცებით, შესაძლოა იდგნენ "ქართული ოცნების" ლიდერები, მმართველი პარტიის შემომწირველები და მათი ახლობლები.
მიუხედავად იმისა, რომ ზაზა თავაძე გამოკითხვაზე დაიბარეს, საგამოძიებო უწყებაში მას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებული არ არის და მხოლოდ გამოკითხვას შეძლებდნენ. თუმცა ზაზა თავაძემ საგამოძიებო უწყება დატოვა იმ პირობით, რომ როდესაც გამოძიება დაიწყება, მაშინ მისცემს ჩვენებას. თავაძე დარწმუნებულია, რომ თუ მას დღეს გამოკითხავდნენ, ეს საქმეც დაიხურებოდა.
გამოძიება დაწყებული არ არის და მომიყვანეს ერთადერთი მიზეზის გამო, რომ მონაწილეობა მიმეღო უკანონო ღონისძიებაში, რათა მათ შემდეგ ჰქონოდათ შესაძლებლობა გამოძიების არ დაწყების. მათ დავპირდი, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში, მზად ვართ, ყველა შეკითხვას, რომელიც გამოძიებას მსვლელობისას გაუჩნდება ვუპასუხოთ ამომწურავად, მაგრამ როგორც ჩანს, შოთაძეს დღეს არ ჰყოფნის შესაბამისი ძალა, რომ მან ივანიშვილის მითითების გარეშე დაიწყოს გამოძიება. ვერ მივიღებ ამ უკანონო აქტში მონაწილეობას, რათა მერე მათ ამით დახურონ საქმე და შემოდონ თაროზე,“ - განაცხადა ზაზა თავაძემ.