ბრეგაძე: პარლამენტის ეზოში „მუსტანგების“ ღმუილით არ შემოვსულვართ და შეიძლება, ანა ნაცვლიშვილს ეს ეწყინა
"ენერგია დაიწუნა ქალბატონმა ანამ. რა ვქნათ, პარლამენტის ეზოში „მუსტანგების“ ღმუილით არ შემოვსულვართ და შეიძლება, ეს ეწყინა ქალბატონ ანას“, - ამ სიტყვებით მიმართა "ლელოს" დეპუტატს ანა ნაცვლიშვილის იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძის შეფასებით, ანა ნაცვლიშვილმა არ მოისმინა მისი გამოსვლა, როდესაც ის ევროკავშირთან დაკავშირებით საუბრობდა.
ქალბატონმა ნაცვლიშვილმა ბრძანა, თითქოს ჩვენ არაფერი გვითქვამს ევროკავშირზე. არ მინდა, ისეთი ეპითეტი გამოვიყენო, რომ ტყუილია. ალბათ, ქალბატონი ანა სხვა საკითხებით უფრო იყო გართული და ვერ გაიგო, რომ ზუსტად ოთხჯერ ვახსენე ევროკავშირი. პირველი იყო ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის ერთიანი სახელმწიფო პლატფორმის დანერგვა, რაც თავისთავად არის უნიკალური ინსტრუმენტი და ნამდვილად დაეხმარება ყველა სახელმწიფო უწყებას, რომ ბევრად სწრაფი და ეფექტიანი იყოს ევროკავშირის სამართალთან ქართული სამართლის ჰარმონიზაციის პროცესი. ასევე, ვისაუბრეთ, რომ მეტი ინტენსივობით გაგრძელდება ევროკავშირის სამართლებრივი აქტების თარგმნა ქართულ ენაზე, რაც მრავალ იურისტს, ასევე სხვა ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას მისცემს, ჰქონდეს სრული წვდომა ევროკავშირის სამართლის ბაზასთან. ვისაუბრე იმაზეც, რომ სასწავლო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება ევროკავშირის სამართლის ცენტრი. აგრეთვე, ენერგია დაიწუნა ქალბატონმა ანამ. რა ვქნათ, პარლამენტის ეზოში „მუსტანგების“ ღმუილით არ შემოვსულვართ და შეიძლება, ეს ეწყინა ქალბატონ ანას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.