სუსის სკანდალური განცხადება - ექსპერტები რუსულ პროვოკაციაზე საუბრობენ
სუს-ის სკანდალური ბრიფინგიდან ხუთი საათის შემდეგ ირკვევა, რომ ტერაქტების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არცერთი პირი არ ჰყავს დაკავებული. არადა, ლილუაშვილის უწყება თბილისსა და ვორონეჟში დაგეგმილი ტერაქტების ორგანიზებაში 12 ადამიანს ამხელოდა, მათ შორის საქართველოს შვიდ მოქალაქეს.
ეს დიდი ალბათობით "ეფ ეს ბე"-ს ახალი პროვოკაციაა" - ასე ფიქრობენ სამხედროები და ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლები.
რა აჩენს ამ ეჭვს? - ის, ვინც "ეფ ეს ბე"-ს მუშაობის ტაქტიკას იცნობს, "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთი საბაბს ეძებს საქართველოში შემოსასვლელად.
ეს სცენარი ერთხელ პანკისის ხეობაში უკვე გამოიყენეს, როცა თითქოს ტერორისტების წინააღმდეგ ქართველებთან ერთად ერთობლივ სპეცოპერაციებს ატარებდნენ.
არ არის გამორიცხული, ეს იყოს რუსული პროვოკაცია. ის, რომ პირველადი მონაცემებით, კურატორი უკრაინელია, ქართველი წარმოშობით, სავსებით არ ნიშნავს, რომ ის ატარებდა ამ სახელმწიფოს ინტერესს. სულაც არ არის გამორიცხული ის რუსეთის ინტერესს ატარებდეს. შეიძლება, ამ კამუფლაჟით რუსეთი ცდილობდეს, საქართველო გარკვეულწილად ჩაითრიოს ამგვარ კონფლიქტურ ვითარებაში და დაადანაშაულოს თითქოს საქართველოს ტერიტორიიდან მასზე მომდინარეობს საფრთხე"- აცხადებს უსაფრთხოების ექსდპერტი, ანდრია გოცირიძე.
შოთა უტიაშვილი სუს-ისგან მეტ განმარტებას ითხოვს. უსაფრთხეოების ექსპერტის თქმით, ლილუაშვილის უწყებამ უნდა განმარტოს, საიდან იცის, რომ ტერაქტები თბილისშიც იგეგმებოდა.
მთელი ეს ისტორია, აგებულია იმისთვის, რომ ბოლოში ეთქვათ, რომ ეს პარტია თბილისსა და ვორონეჟში აპირებდა ტერაქტებს და ჩვენ და ფე ეს ბე-მ გადავარჩინეთ. სუს-მა ალბათ უნდა იცოდეს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს ომი.
თუ დაუშვებთ, რომ ეს ყველაფერი მართალია, სუსს ტყუილი არ უთქვამს, დიდი ალბათობით, ეს გამოყენებული უნდა ყოფილიყო, რუსული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. რატომ გამორიცხავს ამას სუსი? რაზე დაყრდნობით. საიდან იციან, რომ ტერაქტის მოწყობა იყო ამ ნივთიერების შემომტანის მთავარი ამოცანა?