ამილახვარის ინფორმაციით, განათლების სამინისტრო სკოლებში კვების შეტანაზე მუშაობს

05.02.24 17:23
ამილახვარის ინფორმაციით, განათლების სამინისტრო სკოლებში კვების შეტანაზე მუშაობს

განათლების სამინისტრო სკოლებში კვების შეტანაზე მუშაობს. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. 

ამილახვარის თქმით, სასკოლო კვების პროექტი, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის მზად იქნება. 

ვცდილობთ, რომ 2024 წლის სექტემბრამდე მთლიანად საქართველოს ყველა - 2084 საჯარო სკოლის აღწერა მოვახდინოთ და დავდოთ სურათი, თუ რომელ სკოლაში, რა ფორმით, რა დროს არის შესაძლებელი სასკოლო კვების პროექტის დაწყება, ამიტომ ამ კუთხით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სამინისტროში,“ - ამბობს გიორგი ამილახვარი.

სასკოლო კვებასთან დაკავშირებით, მინისტრს დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ.

წარმატებებს ვუსურვებ თქვენი ოჯახის წევრებს და შვილებს და მესმის, რომ ბევრ თქვენგანს კერძო სკოლაში დაგყავთ ბავშვები, ამის შესაძლებლობა თქვენ საბედნიეროდ გაქვთ, მაგრამ მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილს ამის შესაძლებლობა არ აქვთ. ვითხოვ კონკრეტულ კითხვაზე პასუხს, არა იმას, პროგრამაზე რამდენი ხანია მუშაობთ, ვიცი, რომ მუშაობთ - როდის დაიწყება უფასო კვების პროგრამის განხორციელება სკოლებში და როდის შეძლებენ ბავშვები იმას, რომ საჯარო სკოლებში არ შიოდეთ,“ - ამბობს ანა წითლიძე.