გავიარე ყველანაირი დაცინვა, მოწამვლა და მაინც არ ჩამოვუშვი ხელები. ჩვენ გავიმარჯვებთ! - სააკაშვილი

05.02.24 18:00
გავიარე ყველანაირი დაცინვა, მოწამვლა და მაინც არ ჩამოვუშვი ხელები. ჩვენ გავიმარჯვებთ! - სააკაშვილი

სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, კონსილიუმის დასკვნაც და მანამდე ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშიც ადასტურებს, რომ ვივა მედში მისი განკურნება შეუძლებელია. 

როგორც სააკაშვილი წერს, მთავარი არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ "ის უსამართლობაა, რომელიც ხდება ჩემს და უამრავი სხვა ადამიანის თავს". მესამე პრეზიდენტის თქმით, ამ უსამართლობას საზოგადოება არ უნდა შეეგუოს.

გამოქვეყნდა სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა. მანამდე ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა პრაქტიკულად დაასკვნა, რომ იმ პირობებში, სადაც მე ვიმყოფები ჩემი განკურნება რეალურად შეუძლებელია. მაგრამ მთავარი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა. 

როცა საქართველოში მოვდიოდი, ვიცოდი რომ სიცოცხლეს საფრთხეში ვიგდებდი. მთავარია ის უსამართლობა, რომელიც ხდება ჩემს და უამრავი სხვა ადამიანის თავს. ყველაზე მეტად ის არ მინდა, რომ ადამიანები შეეგუონ ამ უსამართლობას. ყველაზე მეტად იმ ხალხის არ მესმის, ვინც ამბობს "პრეზიდენტი იყო და ალბათ რაღაცას დააშავებდა". მე არ დამიშავებია არაფერი რაშიც მადანაშაულებენ! 

მე ჩვენი ხალხის უმრავლესობის და ზოგადად, ისტორიული სამართლიანობის განცდის იმედზე ვრჩები. სანამ პირში სული მიდგას არც ერთი წამი არ შევწყვეტ ბრძოლას, სწორედ ისტორიული სამართლიანობისთვის და ქართველებისა და უკრაინელების უკეთესი მომავლისთვის. 

მე ყველაფერი გადავდე ამ ბრძოლისთვის, ძალიან კომფორტული და პატივისცემით გარშემორტყმული გარემო, ჩემი პირადი ცხოვრება იმიტომ, რომ ვგრძნობდი რომ არ შემეძლო გვერდიდან მეყურებინა ქართველი ხალხის მძიმე მდგომარეობისა და იმის, თუ როგორ ნადგურდება საქართველო. გავიარე ყველანაირი დაცინვა, მოწამვლა, ხერხემლის დაზიანება და მაინც არ ჩამოვუშვი ხელები. 

სინამდვილეში, ჩვენ ძალიან ბევრი, აბსოლუტური უმრავლესობა ვართ! მთავარია დავინახოთ ერთმანეთი, ვირწმუნოთ ჩვენი ძალები, არავის მივცეთ საშუალება გადაგვიაროს და მოგვსპოს. ჩვენ გავიმარჯვებთ!" - ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები