ბაზარი, რომლის მოწყობაც ახალქალაქის მერიას 38 ათასი ლარი დაუჯდა, უფუნქციოა - აუდიტი
2021-2022 წლებში ახალქალაქში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზრის მოწყობა 38 ათასი ლარი დაჯდა, თუმცა ბაზარი დღემდე უფუნქციოა - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.
ანგარიშის მიხედვით, ახალქალაქის მერიას სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია 1,049.0 ათასი ლარი დაუჯდა, თუმცა გადახდილი თანხის მიუხედავად, გამოვლენილია ხარვეზები. ახალქალაქის და მის 35 სოფელში სასმელი წყლის მიწოდებას შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" უზრუნველყოფდა, ხოლო 29 სოფელში 3 655 ოჯახის წყალმომარაგებას ემსახურება მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ა(ა)იპ ახალქალაქის სერვისცენტრი, რომელიც არ ფლობს კანონით განსაზღვრულ ლიცენზიას. აღნიშნული 29 სოფლიდან კი , 7 სოფელს (600 ოჯახს) წყალი გრაფიკით მიეწოდება.