პრეზიდენტი: გაფრთხილებთ ყველას, უაღრსეად დაღლილი და ყველას მიმართ იმედგაცრუებული საზოგადოება ვეღარ იტანს გაუთავებელ სიძულვილს
გაფრთხილებთ ყველას, დაინახეთ და შეიგრძენით, რომ ქვეყანა და ჩვენი უაღრსეად დაღლილი და ყველას მიმართ იმედგაცრუებული საზოგადოება ვეღარ იტანს გაუთავებელ სიძულვილს, ერთი მეორის გამომრიცხავ და გამანადგურებელ არჩევნებს, რევანშის ქადაგებას და განტევების ვაცის გაუთავებელ ძიებას - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და დაცულობა, რაც მთავარია, ქვეყნის მომავლის დანახვა და ამ ქვეყანაში საკუთარი პერსპექტივის აღმოჩენა და დაჯერება.
ამიტომ, დღეს, ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი.
ქვეყანას სჭირდება ერთობა. საზოგადოებას აღარ სჯერა და აღარ სურს იხილოს არაერთხელ უკვე გავლილი პარტიების გაერთიანების სქემები. ასევე, არ სჯერა ცალ-ცალკე, ტოტალურ გამარჯვებაზე გამოცხადებული პრეტენზიების. სჭირდება რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება და ენერგიის მობილიზება.
მიზანი გაგვაჩნია - ევროპული მომავალი, ამისათვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებით. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ, მომავლის ქარტია -„ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ !