ზურაბიშვილი ახალგაზრდებს: ეს თქვენი ქვეყანაა, არავის დაუტოვოთ, არჩევნებით უნდა გადავწყვიტოთ მომავალი
დავინახეთ თავისუფალი, ევროპული ახალაგაზრდობა - იმედის ძალად ჩამოყალიბდა - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ახალგაზრდებს დიდი წვლილი მიუძღვით შარშანდელ გამარჯვებაში და ახლაც შემდეგი ეტაპისათვის მზადებაში მათი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება.
ეს თქვენი ქვეყანაა, ბრწყინვალე წარსულით და არანაკლებ ბრწყინვალე მომავლით, არავის დაუტოვოთ, გაიხსენეთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნებში სწორედ ახალგაზრდების არნახულმა აქტიურობამ გადაწყვიტა ამ არჩევნების შედეგები და შეცვალა მომავალი. ეს თქვენც შეგიძლიათ!
დაბოლოს, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ვირჩევთ რომელიმე პარტიას მეორის ნაცვლად, ამა თუ იმ პროგრამას, ამა თუ იმ ლიდერს, ან კიდევ არცერთი მოგვწონს და ამიტომ თავს ვიკავებთ. დღეს ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ ეტაპზე ვდგავართ, სადაც არჩევნებით უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი მომავალი, მივცეთ ხმა ახალი მმართველობის მოდელს, ახალ ეკონომიკას, ესე იგი, ახალ, ევროპულ სახელმწიფოს"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ის ახალგაზრდების გვერდით იქნება.
არ გეგონოთ, რომ ამ ისტორიული ამოცანის წინაშე, მე არ ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას, არა როგორც კონკრეტული სამართლებრივი ან მატერიალური ბერკეტების მქონე, არამედ როგორც მორალური ძალა და სახელმწიფოებრივი პოზიციის გამტარებელი; ამიტომ ამ ძალიან რთულ პერიოდში, მე თქვენს გვერდით ვიქნები, როგორც ამ პროცესების დამკვირვებელი, შემდუღებელი და ზედამხედველი.... ვიღაცას შეიძლება იმედი ჰქონდა, ან კიდევ აქვს, რომ წყენა, შევიწროება, ან სხვა რამ დამღლიდა, გამტეხდა და უარს მათქმევინებდა თქვენ წინაშე დადებულ ფიცზე. პირიქით, მე ამ ფიცის უზარმაზარ ძალას დღესაც ვგრძნობ და ბოლომდე ვიქნები ჩემს ადგილზე, ამ ფიცის და კონსტიტუციის ბოლომდე ერთგული.
ასევე, ვიღაცას შეიძლება ძალიან აწყობდეს, რომ გადამიყვანოს პოლიტიკური ჭიდილის არენაზე და რომელიმე პოლიტიკური ძალის, პოზიციის, თუ ოპოზიციის ლიდერად წარმომაჩინოს. ამაოდ! ეს გზა გავლილი მაქვს. მჯერა, რომ ქვეყანას დღეს სწორედ უპარტიო თუმცა, არა უპრინციპო, სტრატეგიული ხედვის და არა პოლიტიკური ამბიციის და პირადი ინტერესების მქონე სახელმწიფო ლიდერი სჭირდება, რომელიც ბოლომდე ემსახურება მთავარ მიზანს: საბჭოთა წარსულის ევროპული მომავლით ჩანაცავლებას, ქვეყნის დამოუკიდებლობის სამუდამოდ გამყარებას თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპული ოჯახის წიაღში.
უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ამ მანდატის დროს გადაიდგა ევროპისკენ ესოდენ გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ჩემი ჩართვის მთავარი მიზანი იყო და არის. არ ვაპირებ და არ მჭირდება ვინმეს შევეჯიბრო იმაში, თუ რა წვლილი მიმიძღვის ამ გამარჯვებაში, რამეთუ ეს საქართველოს მიღწევაა! ახლა გარჩევების დრო არაა, არამედ ამ მიღწევის ბოლომდე მიყვანის დროა!
მე, პირადად, ამ მიზნის ბოლომდე მისაღწევად არ დავიშურებ ძალასა და ენერგიას, მცდელობას არ მოვაკლებ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ"- დასძინა მან.