უკრაინული მხარის წარმომადგენლები ცდილობენ საქართველო რუსეთის სამიზნედ აქციონ - კობახიძე

06.02.24 13:57
უკრაინული მხარის წარმომადგენლები ცდილობენ საქართველო რუსეთის სამიზნედ აქციონ - კობახიძე

უკრაინული მხარის წარმომადგენლები ცდილობენ საქართველო რუსეთის სამიზნედ აქციონ  - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლის განცხადებას .

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განცხადებას შემაშფოთებელი უწოდა.

„როდესაც უკრაინული მხარის გარკვეული წარმომადგენლები ცდილობენ, რომ საქართველო, აბსოლუტურად ხელოვნურად, რუსეთის სამიზნედ აქციონ, ეს არის შემაშფოთებელი. როდესაც ამას მხარს უჭერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ე.წ. ექსპერტი, რომელიც არის „სირცხვილიას“ აქტივისტი, ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელია. ეს ადამიანები საკუთარ ბოროტ ზრახვებს ვერ მალავენ ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. მათ სურდათ მეორე ფრონტი, მძიმე სცენარების განვითარება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მათი მორიგი გამოხატულებაა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook-გვერდის „სინამდვილეში“ ინფორმაციით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უფროსი მკვლევარი და „სირცხვილიას“ აქტივისტი, ქეთი შოშიაშვილი სოციალურ ქსელში სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთას აკრიტიკებს.

ტერაქტების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არცერთი პირი არ ჰყავს დაკავებული. არადა, ლილუაშვილის უწყება თბილისსა და ვორონეჟში დაგეგმილი ტერაქტების ორგანიზებაში  12 ადამიანს ამხელოდა, მათ შორის საქართველოს შვიდ მოქალაქეს.

სუს-ის მტკიცებით, საუბარია 6 მოწყობილობასა და 14 კგ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე, რომელიც უკრაინის მოქალაქეებმა ოდესიდან წამოიღეს და სარფის გავლით საქართველოში შემოიტანეს.

უწყებაში ირწმუნებიან, რომ ოპერაციას უკრაინის მმართველი პარტიის წევრი წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე ხელმძღვანელობდა. 

სუს-ის თქმით, თუ ასაფეთქებლები მოქმედებაში მოვიდოდა, მსხვერპლი და ნგრევაა მასშტაბური იქნებოდა. 

უკრაინის საელჩო საქართველოში იმედს გამოთქვამს, რომ  ქართული მხარე საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს. 

განცხადების თანახმად, უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს  ყველა გარემოებას, კერძოდ, როგორც ცნობილი გახდა, უკრაინის მოქალაქეების უკანონო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით.