უსუფაშვილი პრეზიდენტს: მახსოვს, წმინდა ნინოს გზა გამოიარეთ ჯვრით ხელში, გთხოვთ, კონსტიტუციით ილია მართლის გზაზე შემოიარეთ ყველა სოფელი და ქალაქი
გთხოვთ, მოგიწოდებთ, გავალებთ როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, საქართველოს კონსტიტუციით ილია მართლის გზაზე შემოიარეთ საქართველო, - ასე მიმართა „ლელოს“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
მისი თქმით, მისასალმებელია, პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც მომავლის ქარტია - "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის" შექმნას გულისხმობს.
დავით უსუფაშვილის თქმით, „ლელო“ იყო აქტიურად ჩართული ყველგან, სადაც ევროპული საქმე კეთდებოდა.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი პარტია არ მონაწილეობდა იქ, "სადაც ევროპული საქმის იმიტაცია იყო".
მოვისმინე გამოსვლა პრეზიდენტის, რომელმაც ძალიან მძიმე საქმეს გაართვა თავი და აღწერა ის, თუ რა სჭირს ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს და ეს გააკეთა კვალიფიციურად, სტრატეგიული ხედვებით, კომპლექსურად და სწორედ ისე, როგორც მინდა, რომ ამ დარბაზში ყოველთვის და მუდამ, საქართველოს პრეზიდენტები ასეთ ანგარიშს აკეთებდნენ, არა მე-5 და მე-6 წელს, არამედ პირველივე წლიდან. იმედი მაქვს, რომ ახალი პრეზიდენტი ამ სტანდარტს შეინარჩუნებს და ასე გააგრძელებს.
მინდა თავიდანვე გამოვეხმაურო სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დასაჩქარებლად გარკვეული ფორმატის, პლატფორმის შექმნის თაობაზე. „ლელო“ იყო აქტიურად ჩართული ყველგან, სადაც ევროპული საქმე კეთდებოდა. „ლელო“ არ მონაწილეობდა იქ, სადაც ევროპული საქმის იმიტაცია იყო და არც ხვალ მიიღებს მონაწილეობას ამაში, იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი საქმე. პრეზიდენტის შემოთავაზებას მივესალმებით. „ლელოს“ შემუშავებული აქვს და საზოგადოებას უკვე გავაცანით 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც აუცილებელია ქვეყნის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად. მზად ვართ ამ პლატფორმის ფარგლებში ჩვენი გეგმაც წარვადგინოთ და სხვაც მოვისმინოთ.
ვიზიარებ პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ მომავალი არჩევნები არ იქნება უბრალოდ ხელისუფლების შესაცვლელი არჩევნები, „ლელოს“ მომავალი არჩევნები წარმოუდგენია ფუნდამენტური ცვლილების არჩევნებად, არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არამედ იმ გზაზე, რომელზეც ჩვენ 35 წელია ვერ დავდექით და ამ გზას ჰქვია სახელმწიფოებრივად ფუნქციონირება. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ კონსტიტუციით საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ბრძანდებით, მოდით, ახლა, 6 წლის თავზე, გულწრფელად ვუთხრათ საზოგადოებას, სინამდვილეში რა პრობლემა გვაქვს - საქართველო არსებობს, მეთაურიც არსებობს, მაგრამ შუა სიტყვა- ქართული სახელმწიფო ვერ შევქმენით. იმ ტიპის სახელმწიფო, რომელიც იმიტომ გვჭირდება, რომ მოსახლეობის ყველა პრობლემა გადაწყვიტოს. ჩართული ვართ სახელმწიფობანას თამაშში და ამიტომაა, რომ ჩვენი მოსახლეობა ვერ ეზიარა იმ სიკეთეებს, რაც მოაქვს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, დემოკრატიულ სამყაროსთან ზიარებას, ამიტომაა, რომ რუსული პროპაგანდა წარმატებულია.
თავისუფლების გარეშე დემოკრატია, ეს არის ავტორიტარიზმის ფერუმარილი. ეს მორიგჯერ დაამკვიდრა “ქართულმა ოცნებამ“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.