როდესაც რომელიმე ქვეყნის მმართველი პარტიის წარმომადგენლის როლი იკვეთება, აქ კითხვები და ეჭვი გაგიჩნდება - მდინარაძე
"როდესაც იმას ვხედავთ, რომ რომელიმე ქვეყნის, თუნდაც ჩვენი მეგობარი ქვეყნის მმართველი პარტიის წარმომადგენლის როლი იკვეთება, აქ ცოტა სხვა კითხვები და ეჭვი გაგიჩნდება," - ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე აკეთებს.
როგორც მდინარაძე ამბობს, სუს-ის გამოძიება აჩვენებს, რომ ტერაქტების საქმეზე უკრაინელი მაღალჩინოსნის გავრი ფიგურირებს, ეს კი მდინარაძისთვის ეჭვებს აჩენს.
ქართულ სპეცსამსახურების კარგი მუშაობის შედეგად აგვცდება ჩვენ იმის დაბრალება, რომ რუსეთში საქართველო თითქოს ტერაქტებს აწყობს, ამასაც რუსულ თემას აბამენ. ისინი ხელს უწყობენ და ცდილობენ იმას, რომ საქართველო მეორე ფრონტი გახდეს. გამოვრიცხავ ერთ პროცენტს შანსაც იმისას, რომ ქართველი სპეცსამსახურები ობიექტურად დაინტერესების შემთხვევაში რომელიმე მისი მეგობარი ქვეყნის სპეცსამსახურებს არ ეთანამშრომლონ, მათი ინტერესია, მაგრამ როდესაც იმას ვხედავთ, რომ რომელიმე ქვეყნის, თუნდაც ჩვენი მეგობარი ქვეყნის მმართველი პარტიის წარმომადგენლის როლი იკვეთება, აქ ცოტა სხვა კითხვები და ეჭვი გაგიჩნდება,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.
უკრაინის საელჩო ქართული მხარეს მოუწოდებს, ეს საქმე პოლიტიზირებისთვის არ გამოიყენოს.
სუს-ის სკანდალური ბრიფინგიდან მალევე გაირკვა, რომ ტერაქტების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არცერთი პირი არ ჰყავს დაკავებული. არადა, ლილუაშვილის უწყება თბილისსა და ვორონეჟში დაგეგმილი ტერაქტების ორგანიზებაში 12 ადამიანს ამხელოდა, მათ შორის საქართველოს შვიდ მოქალაქეს.
სუს-ის მტკიცებით, საუბარია 6 მოწყობილობასა და 14 კგ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე, რომელიც უკრაინის მოქალაქეებმა ოდესიდან წამოიღეს და სარფის გავლით საქართველოში შემოიტანეს.
უწყებაში ირწმუნებიან, რომ ოპერაციას უკრაინის მმართველი პარტიის წევრი წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე ხელმძღვანელობდა.
სუს-ის თქმით, თუ ასაფეთქებლები მოქმედებაში მოვიდოდა, მსხვერპლი და ნგრევაა მასშტაბური იქნებოდა.