ე.წ. ტერაქტის საქმე - სუს-ს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს

06.02.24 16:38
ე.წ. ტერაქტის საქმე - სუს-ს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს

სუს-ის სკანდალური განცხადება ოპოზიციას კითხვის ნიშნებს უჩენს. მაშინ, როცა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა არ არსებობს, რთულია, დადგენა, რა მოხდა რეალურად. 

როგორც "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, ხელისუფლება, რომელიც რუსეთიდან იმართება, მათ განცხადებებში კითხვის ნიშნები არსებობს.

კანონი, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში უნდა აღსრულდეს ყველას შემთხვევაში, მაგრამ როდესაც რუსეთის მართული ხელისუფლება ადანაშაულებს ვიღაცას რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებაში, იქ კითხვის ნიშნები რომ არსებობს. რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ეს არის ძალიან ბუნებრივი, იმიტომ, რომ ნდობა ამ სახელმწიფო ინსტიტუციებს რუსეთის მოკავშირე ხელისუფლების პირობებში არ აქვთ,“ - ამბობს სამადაშვილი.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ სუს-ს ივანიშვილი პოლიტიკური დევნისთვის იყენებს. 

სუს-ის და ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში სიმართლის დადგენა შეუძლებელია. სუს-ი არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი და ამ მიზნით და პოლიტიკური თამაშებისთვის იყენებს ივანიშვილი ამ ინსტიტუციას, ამიტომ პოლიტიკური პოლიცია ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უნდა დაიშალოს და მის ნაცვლად უნდა შეიქმნას უწყება, რომელიც რეალურად ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესს,“ - ამბობს ბოკუჩავა.

სუს-ს უნდობლობას უცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც, რომელიც დარწმუნებულია, რომ ტერაქტების საქმე სხვა თემების გადასაფარად სჭირდება მთავრობას. 

სუს-ი მხილებულია ტყუილებში, სუს-ის არცერთი განცხადება არ ინდობა, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თავისი კორუფციული კლანური მმართველობა რამენაირად გადაფარონ. ამიტომ დღეს იმდენი უმუშევარია საქართველოში, ამაზე უნდა ზრუნავდეს სახელწმიფო და არა ტყუილების მოგონებაზე,“ - ამბობს ვაშაძე.

საქართველოს ტერიტორია რომ არ უნდა გამოიყენებოდეს უკანონო შეიარაღების ტრანზიტისთვის და ამის გაკონტროლებაზე სრული პასუხისმგებლობა რომ სუს-ს ეკისრება, ამაზე საუბრობს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. 

საქართველოს ტერიტორია არცერთი მიმართულებით არ უნდა გამოიყენებოდეს უკანონო შეიარაღების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტრანზიტისთვის. ამისთვის არსებობს სუს-ი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომ მსგავსი რამ აღკვეთოს. არ აქვს მნიშვნელობა, რუსეთში შედიოდა ასაფეთქებელი მოწყობილობები თუ სად, მით უფრო რუსეთში, რომელთან თამაში არ შეიძლება. ოკუპანტი ქვეყანაა, აგერაა შემოჭრილი, ახლაც ლულა აქვს დამიზნებული,“ - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

უკრაინის საელჩო ქართული მხარეს მოუწოდებს, ეს საქმე პოლიტიზირებისთვის არ გამოიყენოს.

სუს-ის სკანდალური  ბრიფინგიდან მალევე გაირკვა, რომ ტერაქტების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არცერთი პირი არ ჰყავს დაკავებული. არადა, ლილუაშვილის უწყება თბილისსა და ვორონეჟში დაგეგმილი ტერაქტების ორგანიზებაში  12 ადამიანს ამხელოდა, მათ შორის საქართველოს შვიდ მოქალაქეს.

სუს-ის მტკიცებით, საუბარია 6 მოწყობილობასა და 14 კგ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე, რომელიც უკრაინის მოქალაქეებმა ოდესიდან წამოიღეს და სარფის გავლით საქართველოში შემოიტანეს.

უწყებაში ირწმუნებიან, რომ ოპერაციას უკრაინის მმართველი პარტიის წევრი წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე ხელმძღვანელობდა. 

სუს-ის თქმით, თუ ასაფეთქებლები მოქმედებაში მოვიდოდა, მსხვერპლი და ნგრევაა მასშტაბური იქნებოდა. 

 

მსგავსი სიახლეები