არ ვფიქრობ, რომ კობახიძემ გარისკოს, როცა ინტერესთა შეუთავსებლობა ღიად სახეზეა - აქუბარდია

06.02.24 17:19
არ ვფიქრობ, რომ კობახიძემ გარისკოს, როცა ინტერესთა შეუთავსებლობა ღიად სახეზეა - აქუბარდია

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ პრემიერის აპარატთან არსებული "საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოში" ირაკლი კობახიძის ცოლის თანამდებობა ინტერესთა კონფლიქტი და ერთ-ერთი კორუფციული საგანია, ამიტომაც, აქუბარდიას არ ჰგონია, რომ "ოცნების" პრემიერობის კანდიდატმა გარისკოს, როცა ინტერესთა შეუთავსებლობა ასე ღიად სახეზეა.

ინტერესთა კონფლიქტი ერთ-ერთი კორუფციული საგანია და ის, რომ ამის პრეცენდენტები არსებობდა, მათ შორის ამის მაგალითი იყო თავდაცვის პირველი მოადგილის შემთხვევა, როდესაც მისი რამოდენიმე ოჯახის წევრი მუშაობდა იმ უწყებაში. ამაზე წესით უნდა მუშაობდეს შესაბამისი სამსახურები და ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. მაგრამ, მე არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში პრემიერობის კანდიდატმა გარისკოს იმით, რომ ეს ინტერესთან შეუთავსებლობა როცა ასე ღიად სახეზეა, ეს ყველაფერი ასე დატოვოს", - განაცხადა აქუბარდიამ.

დაწერა თუ არა გადადგომის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძის მეუღლემ, ისევ გაურკვეველია. პრემიერის აპარატთან არსებული "საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოში" კითხვებს არ პასუხობენ. კობახიძის ცოლი კი იმ უწყების შეფია, რომელიც პირდაპირ პრემიერს ექვემდებარება. კობახიძის დამტკიცების შემთხვევაში კი თუ ნატალია მოწონელიძე პოსტიდან არ გადადგება ეს პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი და კანონდარღვევა იქნება.

თავად კობახიძე ამბობს, რომ მისი მეუღლე თანამდებობას დატოვებს.

მსგავსი სიახლეები