კამათი პარლამენტში - "ოცნება" ოპონენტებს მიკროფონს ისევ უთიშავს
პარლამენტში მთავრობის ეკონომიკური გუნდი მივიდა - მინისტრობის კანდიდატებს ახლა გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. ამ წუთებში ტრიბუნასთან ლევან დავითაშვილი დგას.
სოფლის მეურნეობის მინისტრის გამოსვლას დარბაზში პირველი დაპირისპირება მოყვა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციას ნინო წილოსანმა მიმართა და დარბაზიდან გაგდებით დაემუქრა.
დღევანდელ სხდომაზე გრძელდება "ოცნების" პრაქტიკა, რომ კრიტიკის შემთხვევაში ოპონენტებს მიკროფონი გამოურთონ და სიტყვის დასრულების შესაძლებლობა ჩამოართვან.
"ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე ერთ-ერთია, ვისაც დღეს მიკროფონი სხდომის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა გამოურთო. ხატია დეკანოიძეს აინტერესებდა, სხდომას პრემიერობის კანდიდატი რატომ არ ესწრებოდა.
მე ვისურვებდი, რომ დღევანდელ დღეს წარმოდგენილი ყოფილიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იმ კანდიდატებთან ერთად...“ - მიმართა ხატია დეკანოიძემ სონღულაშვილს, რომელმაც მას მიკროფონი გაუთიშა და სიტყვა არ დაასრულებინა.
რეგლამენტი არ არის, ცდება რეგლამენტის ჩარჩოებს. ვერ გავყვები ასე მსჯელობას, არ დაგამთავრებინებთ,“ - უპასუხა სონღულაშვილმა.
ლევან დავითაშვილმა, რომელსაც კომიტეტზე უსმენენ, ეკონომიკის ზრდაზე ისაუბრა.
საქართველოს აქვს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ფართო რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრების კანდიდატ ქვეყნებს შორის, ეს იმას ადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა არის გამართლებული და საქართველოს ეკონომიკა გამოირჩევა მდგრადობით. თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და თანაბარი შესაძლებლობების შექმნის უზრუნველყოფა ჩვენი უპირველესი მიზანია, ვფიქრობ, ჩვენი სახელისუფლებო გუნდისთვის ეს მიღწევადი ამოცანაა,“ - ამბობს ლევან დავითაშვილი.