როგორ ფლანგავთ ბიუჯეტს საკუთარი პარტიული აქტივის მოსყიდვისთვის, არ გინდათ, რომ ვისაუბრო - სამადაშვილი სონღულაშვილს
„როგორ ფლანგავთ ბიუჯეტის ფულს საკუთარი პარტიული აქტივის მოსყიდვისთვის, არ გინდათ, რომ ვისაუბრო,“ - ამ სიტყვებით მიმართა "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა კომიტეტის სხდომის წამყვანს დავით სონღულაშვილს.
სალომე სამადაშვილს სიტყვით გამოსვლის დროს სონღულაშვილმა მიკროფონი იმ დროს გაუთიშა, როცა დეპუტატი დასაქმების პროგრამაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ "ქართულ ოცნებას" პარტაქტივი ჰყავს დასაქმებული და შტატები გაბერილია.
თუ შეიძლება ზუსტად გვითხრათ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით როდის განხორციელდება შემდეგი ნაბიჯები? აქ საუბარი იყო თაღლითობაზე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაღლითური სქემა, რაც აქვს შექმნილი ქართულ ოცნებას, ეს არის დასაქმების პროექტი. მე წინააღმდეგი კი არ ვარ, რომ ბიუჯეტის თანხა დაიხარჯოს დასაქმებაში, რუზველტმა ამერიკა გარდაქმნა თავისი დასაქმების პროგრამით., ოღონდ ამ დასაქმების პროგრამის შედეგად ამერიკაში აშენდა ათი ათასი ხიდი და მილიონი კმ გზა. თქვენ რაში ხარჯავთ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებს დასაქმებას რაც შეეხება, მაგალითად, თიანეთში 126 ადამიანი არის დასაქმებული სასაფლაოს მომვლელად, ახალქალაქში სასაფლაოს მომვლელად დასაქმებულია 53 ადამიანი...,“ - თქვა სამადაშვილმა, რა დროსაც მიკროფონი გაუთიშეს.