ბუჩუკური პრეზიდენტის ინიციატივაზე: ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ

06.02.24 20:01
ბუჩუკური პრეზიდენტის ინიციატივაზე: ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ

პარტია "საქართველოსთვის" პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ პლატფორმაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში დეპუტატი ანა ბუჩუკური ავრცელებს. 

ანა ბუჩუკურის თქმით, მათთვის მიუღებელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა მრავალპარტიული პლატფორმის შექმნის შესახებ.

ბუჩუკურის თქმით, პარტია ზურაბიშვილთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

ქალბატონი პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში იყო ძალიან კარგი, სწორი გზავნილებით და სწორი აქცენტებით. ფაქტობრივად დაემთხვა ჩვენი გუნდის ლიდერისა და გუნდის პოზიციებს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პრეზიდენტის ინსტიტუტის მხარდაჭერას, ქალბატონ სალომესთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას. მით უფრო, თავიდანვე ვამბობდით, რომ პრეზიდენტის როლი არჩევნების დაცვაში მნიშვნელოვანია.

თუმცა, მის მიერ დღეს პარლამენტში მოულოდნელად გაჟღერებული მრავალპარტიული პლატფორმა, სადაც მონაწილეობას ასევე იღებენ ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებდნენ და დღესაც აყენებენ, ჩვენთვის მიუღებელია. შესაბამისად, ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ.

რა თქმა უნდა, ეს ჩვენს დამოკიდებულებას ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ არ შეცვლის.

მე ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - დიახ, მე მივეცი ხმა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას და ეს არასოდეს მინანია. ასევე, ვამაყობ, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქალბატონი სალომეს იმპიჩმენტის პროცესის ჩაშლაში", - წერს ბუჩუკური. 

საქართველოს პრეზიდენტი საკოორდინაციო ცენტრს აფუძნებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს იქნება პლატფორმა, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებას. 

მსგავსი სიახლეები