ქედაში, შუახევსა და ხულოში სტიქიის შედეგად 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე - რიჟვაძე
"ქედაში, შუახევსა და ხულოში განვითარებული სტიქიის შედეგად 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე," - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საუბრობს.
რიჟვაძის თქმით, მაღალმთიან აჭარაში დაიმეწყრა, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები. ამ დროისთვის მიმდინარეობს დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები.
სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა ხულოს მუნიციპალიტეტში ზვავის შედეგად და ქედის მუნიციპალიტეტში მეწყერის შედეგად. ჩვენი ორი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა ამ სტიქიურმა მოვლენებმა. მე კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. რაც შეეხება არსებულ ვითარებას: ქედის მუნიციპალიტეტიდან 70 ოჯახია გაყვანილი უსაფრთხო ადგილას, შუახევის მუნიციპალიტეტიდან – 19, ხულოს მუნიციპალიტეტში – ერთი. მიმდინარეობს ტექნიკის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში. პრობლემებია გზებზე. მეწყრული პროცესები განვითარდა არაერთ მონაკვეთზე. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. არა ერთი ზარი შემოდის. ვცდილობთ, ეტაპობრივად დავეხმაროთ ყველა ოჯახს საჭიროების მიხედვით. მინდა, ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მითითებები, თავი შეიკაონ გზებზე გადაადგილებისგან. ასევე, ყველას გვესმის, რომ საქმე გვაქვს საკმაოდ მასშტაბურ სტიქიასთან და ყველაფერი კეთდება, რომ ყველა ოჯახს მაქსიმალურად დავეხმაროთ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.