მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური, კონსულტაციები უნდა გაიმართოს - ჭიაბერაშვილი
„ჩვენი მოქალაქეების ძირეული ინტერესია, მოწოდება ერთიანობისკენ. ამიტომ ჩვენ მივალთ ყველგან და ყველა ფორმატში,“ - ამ განცხადებას ენმ-ის საერთაშორისო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი „რეაქციაში“ აკეთებს.
ჭიაბერაშვილის თქმით, პრეზიდენტის პლატფორმაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მონაწილეობას მიიღებენ.
როგორც ჭიაბერაშვილი ამბობს, 2024 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ფორმირება გარდაუვალია და ოპოზიციამ უნდა შეძლოს კონსულტაციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
მოქალაქეები გვეუბნებიან, რომ არ გვაინტერესებს უთანხმოება ოპოზიციაში, დასხედით ერთად და მოიფიქრეთ „ქართული ოცნების“ ცვლილებასთან ერთად, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეს შეიცვალოს, რომ ყოველ მეხუთე ბავშვს წიგნი არ აქვს და მშობელი ვერ ყიდულობს, შეიცვალოს.
ამიტომ ჩვენ მივალთ ყველგან და ყველა ფორმატში, სადაც იქნება საუბარი იმაზე, როგორ შეიცვალოს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება და ენმ ვამბობთ, რომ ფორმატი, რომელიც დღეს გააჟღერა სალომე ზურაბიშვილმა და ნებისმიერ ფორმატშიც, სადაც დავინახავთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იხილება, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას.
2024 წლის არჩევნების შემდეგ მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური. ენმ ძალიან დიდი პარტია ვართ და ბუნებრივია, შედეგი იქნება ჩვენგან სერიოზული, მაგრამ როგორი შედეგიც არ უნდა იყოს, ჩვენ მკაფიოდ გვაქვს გააზრებული, თუნდაც აქ მსხდომ კოლეგებთან ერთად მთავრობის ფორმირების და საკითხების გადაწყვეტის გარეშე ვერ მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს კონსულტაციები, როგორი იქნება საპენსიო რეფორმა, როგორი იქნება საკითხები, რომელიც გაზრდის ახალგაზრდებში დასაქმებას, ეს საკითხები ახლავე უნდა მოვთელოთ,“ - ამბობს ჭიაბერაშვილი.