ვისაც უნდა, ევროპის ღირსეული წევრები რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ, ამას შევასრულებთ ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად - ხაზაძე
"ლელოს" ლიდერებმა ათონელის რეზიდენცია დატოვეს - ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტს ერთი საათის განმავლობაში პირისპირ ხვდებოდნენ. ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ "პროევროპული ძალების გაერთიანება ქვეყნისთვის ისტორიულ მომენტში გადამწყვეტია, ამიტომ პარტია პრეზიდენტის დაანონსებულ გაერთიანებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
გპირდებით, ვისაც უნდა, რომ ევროპაში ნამდვილი, ღირსეული წევრები გავხდეთ, რაც შეიძლება სწრაფად, ჩვენ ამას შევასრულებთ ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად და ყველა იმ პროდასავლურ და ქართულ ძალასთან ერთად, რომელსაც ამ მიზნის მიღწევა უნდა,- თქვა „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
როგორ უნდა მოხდეს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიღწევა - მამუკა ხაზარაძის თქმით ეს იყო აუდიენციის მთავარი განსახილველი თემა.
მისი თქმით, „ლელოს” აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ჩვენ წინა კვირას წარვადგინეთ - 9 პუნქტის შესასრულებელი გეგმა. მას „ლელო” ერთი წლის განმავლობაში შეასრულებს, რომ დააჩქაროს და რეალური გახადოს ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანება.
დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა სწორედ ამ გეგმის განხილვას და მომავალ ხედვას, თუ როგორ უნდა მოხდეს ქართველი ხალხის ეროვნული არჩევანის, ევროპული არჩევანის მიღწევა ძალიან მალე და ეფექტურად. ჩვენ ვიცით, რომ დღეს საქართველოს მართავს რუსული ხელისუფლება, რუსული მეთოდებით, რუსული ფულით. ამ ხელისუფლებას სათავეში უდგას ბიძინა ივანიშვილი, რომელიც კაპიტალს ეზიდება რუსეთიდან და ინვესტიციას აკეთებს არა ქვეყნის განვითარებაში, არამედ „ბოტების”, „ტროლების” და ცილისწამების მექანიზმში, რომ გააშავოს ოპონენტები, შექმნას ისეთი სიტუაცია, რომ „ქართულმა ოცნებამ” რაც შეიძლება დიდი ხანი შეინარჩუნოს კორუფციული ხელისუფლება. ჩვენ ამას დავანგრევთ. მე გპირდებით, რომ ჩვენ ყველა იმ ქართველ პატრიოტთან ერთად, ვისაც უნდა ქვეყნის ნორმალური განვითარება, ვისაც უნდა, რომ ქვეყანაში არ იყოს კორუფცია, ვისაც უნდა, რომ განათლება იყოს მაღალ დონეზე, ბევრი სამუშაო ადგილი იყოს, ემიგრაცია დაბრუნდეს, ვისაც უნდა, რომ ევროპაში ნამდვილი ღირსეული წევრები გავხდეთ, რაც შეიძლება სწრაფად ჩვენ ამას შევასრულებთ ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად და ყველა იმ პროდასავლურ და ქართულ ძალასთან ერთად, რომელსაც ამ მიზნის მიღწევა უნდა”, - განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, „ლელო” მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან, "ვისაც უნდა, რომ საქართველოში დამარცხდეს რუსული ხელისუფლება”,
საქართველოს პრეზიდენტი საკოორდინაციო ცენტრს აფუძნებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს იქნება პლატფორმა, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებას.
„ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი - გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.