"პატიმარი და ოლიგარქი: ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის"- The Economist-ის სტატია
"პატიმარი და ოლიგარქი: ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის"- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა "ეკონომისტი". სტატიაში საუბარია ივანიშვილის რუსეთთან კავშირებზე და სააკაშვილის პატიმრობაზე.
"ივანიშვილს ეშინია პუტინის და არ ენდობა ამერიკელებს, რადგან იცის, რომ მისი მმართველობის სტილი შტატებისთვის მიუღებელია" - წერს "ეკონომისტი" ივანიშვილის ყოფილ მრჩეველზე დაყრდნობით.
გამოცემა აქვეყნებს ინტერვიუს მიხეილ სააკაშვილის შვილთან, რომელიც ფიქრობს, რომ მესამე პრეზიდენტმა საქართველოში დაბრუნების წინ ვერ შეაფასა რეალობა, რომელიც საქართველოში იყო. ჟურნალისტი ვენდელ სტივენსონის, რომელიც საქართველოში პირველად არ ჩამოსულა, ეძებს პასუხს კითხვაზე, რამ უბიძგა ოლიგარქს პოლიტიკაში მოსვლა და იყო თუ არა ეს პუტინის დავალება.
"საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება. მიუხედავად პატიმრობისა, სააკაშვილი მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერად რჩება. თუმცა, სასწორზე ახლა უფრო მეტი დევს, ვიდრე ერთი ადამიანის თავისუფლება. საქართველოს მოსახლეობა ძირითადად პროევროპულია და ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წლიდან იმყოფება და დომინირებს ადგილობრივ ხელისუფლებაში. მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მარიონეტია - იდუმალი ოლიგარქისა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში იშოვა...
ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოუტანს დაცვას რუსეთისგან, რომელიც კავკასიას თავისი გავლენის სფეროს ნაწილად განიხილავს. თუმცა, შესაძლოა ამან დათვი გააღიზიანოს კიდეც. ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლება ორ მხარეს შორის მანევრირებს. ქვეყანამ მიიღო ათიათასობით რუსი დევნილი და თავშესაფრით უზრუნველყო უკრაინელებიც. გარდა ამისა, მან პუტინის რამდენიმე ცნობილი კრიტიკოსი არ შეუშვა საკუთარ ტერიტორიაზე და უარი თქვა დასავლეთის სანქციების რეჟიმთან შეერთებაზე, რის შედეგადაც რუსეთთან გაზრდილი ვაჭრობით სარგებლობს. უფრო მეტიც, ის აჭიანურებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის აუცილებელი კრიტერიუმების შესრულებას.
წლევანდელმა კენჭისყრამ შეიძლება განსაზღვროს, ადასტურებს თუ არა საქართველო თავის ევროპულ მისწრაფებებს და ამით ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, თუ რუსეთის მიერ შთანთქმის გზაზე დგება." წერს გამოცემა.