პრეზიდენტის ინიციატივას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ საარჩევნო გაერთიანებას არ ვუკავშირებ - თეონა აქუბარდია
თეონა აქუბარდია პრეზიდენტის ინიციატივას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” საარჩევნო გაერთიანებას არ უკავშირებს.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს 9 რეკომენდაციაზე აქვს აქცენტი და არა, პარტიულ გაერთიანებაზე.
„მე ამას არ ვუკავშირებ რაიმე ტიპის საარჩევნო გაერთიანებას ან ბლოკებს. პრეზიდენტმა ღიად თქვა, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს ვადაზე ადრე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. პრეზიდენტი არის ზეპარტიული ფიგურა კონსტიტუციით და ასევე, პრეზიდენტის მოქმედებებით. ამ მოცემულობაში, როდესაც მთავარი ინტერესია 9 რეკომენდაცია, ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, ბუნებრივია, 9 რეკომენდაციაზე აქვს აქცენტი და არა, პარტიულ გაერთიანებაზე. ამ მოცემულობაში, საერთოდ უპარტიო დეპუტატი ვარ, პრეზიდენტიც არის ზეპარტიული და ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი მოსაზრებების მოსმენა ისევე, როგორც რა სინერგია შეიძლება შევძინოთ ქვეყნის მთავარი ინტერესის განხორციელებას”, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
აქუბარდიას თქმით, ხალხის დაკვეთაა 9 რეკომენდაციის შესრულება, ვინაიდან მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას.