კობახიძის მინისტრთა კაბინეტის და ოპოზიციის შეხვედრა პარლამენტში - ვინ არ ესწრება სხდომას

07.02.24 15:23
კობახიძის მინისტრთა კაბინეტის და ოპოზიციის შეხვედრა პარლამენტში - ვინ არ ესწრება სხდომას

პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი პარლამენტია, სადაც კობახიძის მინისტრთა კაბინეტის და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. ყველა მინისტრობის კანდიდატი და თავად  კობახიძეც დეპუტატების კითხვებს უპასხებენ. ამ წუთებში ტრიბუნა უკავია პრემიერობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს და ამ პროცესს ხელმძღვანელობს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

ოპოზიციის ნაწილი ამ შეხვედრას არ ესწრება. "ლელოში" და "გახარიას გუნდში " ფიქრობენ, რომ ნდობის გამოცხადებამდე მთავრობა ყველა პოლიტიკურ გუნდს ინდივიდუალურად უნდა შეხვედროდა, ამიტომ სხდომათა დარბაზში შესვლას არ აპირებენ.

პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო ჯგუფი, დღევანდელ სხდომას, რომელსაც „ნაცები“ უხელმძღვანელებენ, არ დაესწრება და მონაწილეობას არ მიიღებს კობახიძის და „ნაცმოძრაობის“ გათამაშებულ ურთიერთსასარგებლო სცენარში. „ნაცმოძრაობის" „ეგიდით" წარმართული სხდომის - ოპოზიციის შეხვედრად გასაღება, ორ რამეს ნიშნავს: ყველა მონაწილის გასვრას ამ რადიკალური დღის წესრიგის შექმნაში და "ნაცმოძრაობის" იმ სარეკლამო კამპანიის გაგრძელებას, რომლის ფარგლებშიც "ოცნება" სააკაშვილს სასამართლო დარბაზებიდან საარჩევნო კამპანიის წარმოების და დაქუცმაცებული პარტიის შეწებების შესაძლებლობას აძლევს", - განაცხადა გახარიას გუნდის წევრმა ბექა ლილუაშვილმა.

"ლელოში" კი ამბობენ, რომ "ოცნებამ" ოპოზიციის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე საუბარი არ მოინდომა, შესაბამისად სალომე სამადაშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ "რაღაც „ქოცურ“ თამაშში" შესვლას "ლელო" არ აპირებს. 

„მათ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართოს ოპოზიციასთან, რადგან „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ მათ გაბანკროტებულ პოლიტიკურ ძალას გადაარჩენს მხოლოდ საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა პოლიტიკური ოპოზიცია არ არსებობს, რაც ცხადია დიდი ტყუილია. „ლელოს“ აქვს რეფორმების კონკრეტული ხედვა ყველა მიმართულებით და თუ იქნებოდა შესაძლებლობა, ცალკე პოლიტიკური ჯგუფის შეხვედრის, ჩვენ გვექნებოდა ძალიან საქმიანი საუბარი. ეს არ მოინდომა „ქართულმა ოცნებამ“, კობახიძემ გადაწყვიტა, რომ მთელი ოპოზიცია ერთად უნდა დაჯდეს და ყველას ერთად უნდა ეძახოს „ნაციონალური მოძრაობა“ და სატელიტები. ახლა ამ რაღაც „ქოცურ“ თამაშში ჩვენ არ შევალთ. მესამე დღეა ვუსმენთ მინისტრებს და არც ერთ კითხვაზე მათ პასუხი არ აქვთ. სიმართლე რომ გითხრათ, აზრსაც დიდად ვერ ვხედავ შეკითხვების გამეორების, რომელზეც პასუხიც ამ ხელისუფლებას არ აქვს,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები