2 პრეტენდენტია, რომელიც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, ის კომპანია გაიმარჯვებს - კობახიძე ანაკლიის პორტზე
"ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება", - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე გააკეთა.
სამთავრობო პროგრამის წარდგენისას მან განაცხადა, რომ წელს შეირჩევა კერძო კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება ამ სამუშაოებს.
რაც შეეხება პორტებს, განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება ანაკლიის პროექტის სათანადოდ დაწყება, განხორციელება. სამუშაოები უკვე დაწყებულია, წელს შეირჩევა კერძო კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება ამ სამუშაოებს. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო გეგმავს მრავალმილიონიანი ინვესტიციის ჩადებას ამ პროექტში. ყველაფერი განხორციელდება გეგმის შესაბამისად. ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება ჩვენი მთავრობის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამასთან ერთად, სხვა პორტების განვითარებასაც, რესურსების გაძლიერებასაც მიექცევა სათანადო ყურადღება. განსაკუთრებით ეს ეხება ფოთის პორტის განვითარებას, რესურსების გაძლიერებას. ასევე გაგრძელდება აქტიური მუშაობა შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის საკითხთან დაკავშირებით ამჟამად არსებული ორი პრეტენდენტი კომპანიიდან, რომელიც უკეთეს პირობებს შესთავაზებს სახელმწიფოს, ის გაიმარჯვებს.
„რაც შეეხება ანაკლიის საკითხს, არავის უთქვამს, რომ ჩინური კომპანია უპირატესობით ისარგებლებს. პროცედურები წარიმართება, ორი პრეტენდენტია ამჯერად, რომელიც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, ის კომპანია გაიმარჯვებს. ამ შემთხვევაში, გეოგრაფიულ სივრცეს ნაკლებად მიენიჭება უპირატესობა, მთავარია, ვინ შემოგვთავაზებს უკეთეს პირობებს. ბუნებრივია, ეს არის სახელმწიფოს პრიორიტეტი“, - განაცხადა კობახიძემ.