ტრაგედია ასურეთში - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, მიმდინარეობს მოკვლევა

07.02.24 20:45
ტრაგედია ასურეთში - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, მიმდინარეობს მოკვლევა

ასურეთში მომხდარი ტრაგედია - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და მოკვლევის დასრულებამდე მათ დეტალების გასაჯაროების უფლება არ აქვთ.

მიმდინარე წლის 7 თებერვალს, სოფელ ასურეთთან მომხდარ საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ Cameron Balloons Z-315 ტიპის სითბური აეროსტატი ასრულებდა ფრენას ფოთიდან ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით, რის თაობაზეც ქვეყნის შიდა ფრენებისთვის დადგენილი მოთხოვნების (ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტი) შესაბამისად, მფრინავის მიერ წარდგენილ იქნა საფრენოსნო გეგმა შესაბამის უწყებაში. აეროსტატზე, იმყოფებოდა 3 ადამიანი. 

დიდ ბრიტანეთში წარმოებული სითბური აეროსტატი Cameron Balloons Z-315 2022 წელს არის გამოშვებული და ამავე წელს დარეგისტრირდა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში (სარეგისტრაციო ნომერი 4L-BAV). 

აეროსტატს მართავდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული მფრინავები. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა საჭირო შემოწმება. 

საავიაციო შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო. მოკვლევის ამ ეტაპზე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არ არის უფლებამოსილი გაასაჯაროოს საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა დეტალები.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს", - წერია განცხადებაში.

ტრაგედია სოფელ ასურეთში. საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას  ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი ემსხვერპლნენ.   საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც  კატასტროფა გამოიწვია.  ორ მფრინავს - რევაზ უთურგაურსა და პოლონელ კშიშტოფ ზააპარტს  ყველაზე დიდ მანძილზე გაფრენაში მსოფლიო რეკორდის დამყარებამდე საცდელი ფრენა უნდა განეხორციელებინათ. საფრენი აპარატით ისინი ფოთიდან კახეთის მიმართულებით მიფრინავდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდა ოპერატორი მიშო ბიძინაშვილიც. 

მსგავსი სიახლეები