ბაღდათში, სტიქიის ეპიცენტრში ბოლო დაკარგულის ცხედარი იპოვეს
ბაღდათში კიდევ ერთი, ბოლო დაკარგულის ცხედარი იპოვეს - სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა.
"პირველების" ინფორმაციით, სოფელ ნერგეეთში ნაპოვნია შუახნის ქალის ცხედარი.
შსს "პირველებს" ბოლო დაკარგულის პოვნის შესახებ ინფორმაციას უდასტურებს.
ჩვენ ფეხით გადმოვედით იქიდან და შევხედეთ, რომ იპოვეს. შორიდან ვერ დავინახე, ქალი იყო თუ არა, არ ვიცი, გვამი იყო. მე საირმიდან მოვდივარ, ფეხით გადმოვედი. ახლა შევნიშნე, რომ ცხედარი ამოჰყავდათ", - ამბობს ადგილობრივი.
რაც შეეხება სტიქიას გადარჩენილ ადამიანს, მისი მდგომარეობის შესახებ სოფელში დაზუსტებით არ იციან. ადგილობრივების თქმით, ის კლინიკაში იმყოფება.
არაფერი არ ვიცი გადარჩენილის შესახებ. კლინიკაში წევს და ფეხი აქვს მოტეხილიო, ასე ამბობენ", - თქვა ადგილობრივმა.
ნერგეეთის მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში მსგავსი ტრაგედია არ ახსოვთ და შოკიდან ვერ გამოდიან.
ფაქტობრივად, შოვის ტრაგედიაზე ნაკლები არ არის. უბრალოდ ტერიტორიაა ცოტა უფრო პატარა, თორემ რანგით და დონით იმაზე ნაკლები არ არის. ვერ ვართ გამოსული ამ საოცარი შოკიდან და ამ უზარმაზარი ტრაგედიის გათავისებაც კი ძალიან გვიჭირს. ეროვნული ტრაგედიაა მომხდარი და სრულიად მოულოდნელად, შეიძლება ვთქვა, რომ ესე რომ ხდებოდა სხვაგან საქართველოს მასშტაბით სტიქიური მოვლენები, ბაღდათი სხვასთან შედარებით იყო დაცული. აქ, ფაქტობრივად, არასდროს არაფერი არ მომხდარა ისეთი. ეს იყო მეხისგავრადნასავით, სრულიად მოულოდნელი", - ამბობს ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ მეწყერი სოფელ ნერგეეთში გუშინ გამთენიისას ჩამოწვა. სტიქიას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა, 9ვეს ცხედარი ნაპოვნია. სტიქიის ეპიცენტრში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მაშველები. სწორედ გვიან ღამით ამოიყვანეს მდინარიდან ტყუპი დების ცხედრები. რამდენიმე წუთის წინ კი მაშველებმა ბოლო დაკარგულის, შუახნის ქალბატონის ცხედარს მიაგნეს.