შეიძლება, დეკემბრის ბოლოს საქართველო მოლაპარაკებების სტადიაზე გადავიდეს, მაგრამ მანამდე 9 პუნქტის შესრულებაა საჭირო - გერმანიის ელჩი
"შესაძლებელია, დეკემბრის ბოლოს საქართველო მოლაპარაკებების სტადიაზე გადავიდეს, მაგრამ მანამდე 9 პუნქტი უნდა შესრულდეს", - ამის შესახებ განცხადება საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა გააკეთა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა ყოველგვარ ნაბიჯს გადადგამს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, რასაც ხელს გერმანიაც შეუწყობს.
შესაძლებლობა არსებობს, რომ დეკემბრის ბოლოს საქართველო გადავიდეს მოლაპარაკებების სტადიაზე, მაგრამ მანამდე ცხრა პუნქტი უნდა შესრულდეს. გასათვალისწინებელია, რომ წლევანდელი კალენდარი მოკლეა. ამ ზაფხულს ჩვენ გვაქვს არჩევნები ევროპარლამენტში, იქნება ახალი კომისია და საქართველოს ექნება არჩევნები. ამიტომ, მნიშვნელოვანია სწრაფი მოძრაობა ცხრა პუნქტის შესრულების მხრივ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა სწრაფად იმოძრავებს და ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას ამაში, იმიტომ რომ ჩვენი მიზანიც იგივეა", - ამბობს ფიშერი.