ხელისუფლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებინებს „ქართული ოცნების“ პარტიულ ცესკოს - სიორიძე
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციებს და დემოკრატიული არჩევნების პრინციპს - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ გიორგი სიორიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
სიორიძემ მმართველ პოლიტიკურ ძალას შეახსენა, ევროკავშირის დათქმა, რომელიც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას გულისხმობს.
"ლელოს" წევრის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას ტოვებს ლეგიტიმაციის კრიზისში და საფრთხეს უქმნის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს:
ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. საზოგადოებას მოეხსენება, რომ ევროკავშირში სრულად გაწევრიანებისათვის საქართველოს განესაზღვრა 9 ძირითადი მიმართულება.
ევროკავშირის დათქმაა თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით, 2024 წელს. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება არ ასრულებს ამ რეკომენდაციას, საარჩევნო ადმინისტრაციას ტოვებს ლეგიტიმაციის კრიზისში და საფრთხეს უქმნის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
„ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციისკენ გადასადგმელი 9 ნაბიჯიდან ყველაზე მნიშვნელოვანს არათუ არ დგამს, არამედ დგამს უკან. საარჩევნო ცვლილებები, რომელიც გაგზავნილი იქნა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირში დასკვნისათვის, შეფასდა ამ ინსტიტუტების მიერ და მარტივად რომ ვთქვათ, ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას უთხრა: „დახიეთ თქვენი საარჩევნო რეფორმა!“ ამის პასუხად, ხელისუფლებამ დახია ვენეციის კომისიის დასკვნა.
ევროკავშირის გაცხადებული პოზიციით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი პრობლემა მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის არარსებობაა. „ქართული ოცნება“ ცესკოს არალეგიტიმური თავმჯდომარისა და წევრებისთვის ცვლის საარჩევნო კანონმდებლობას, აუქმებს ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობას და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებინებს „ქართული ოცნების“ პარტიულ ცესკოს. ეს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციებს და დემოკრატიული არჩევნების პრინციპს.
თუმცა მე მინდა ყველას შევახსენო, რომ არჩევნების ბედს, მიუხედავად ყველა უკანონო მცდელობისა, საბოლოო ჯამში გადაწყვეტს ქართველი ამომრჩეველი"- აგანაცხადა სიორიძემ.