მომავალი პრემიერი მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახალი შეფასების მექანიზმს ეწინააღმდეგება

08.02.24 18:35
მომავალი პრემიერი მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახალი შეფასების მექანიზმს ეწინააღმდეგება

ევროკომისიის რეკომენდაციას, რომელიც სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას გულისხმობს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისთვის ირაკლი კობახიძისთვის არაკონსტიტუციურია. 

კობახიძის თქმით, სასამართლო სისტემაში ე.წ. ვეტინგი არ განხორციელდება. ევროკომისიის რეკომენდაცია კი ითვალისწინებს იმას, რომ საქართველომ შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში. კერძოდ: საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დანერგოს კეთილსინდისერების შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი ყველა იმ კანდიდატისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების მაღალი თანამდებობის დასაკავებელ კონკურსებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, ჩამოაყალიბოს ქონებრივი დეკლარაციების მუდმივი და პერიოდული სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციაში.

ირაკლი კობახიძე აკრიტიკებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს ნონა წოწორიასაც და ამბობს, რომ "წოწორიას რეფორმა ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება". 

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, კონკრეტულად ე.წ. ვეტინგზე იქნა ყურადღება გამახვილებული. კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, რა არის ვეტინგი — იქმნება ერთგვარი არაფორმალური ჯგუფი კანონის საფუძველზე, მაგრამ არაფორმალური ჯგუფია, სადაც უცხოელებიც მონაწილეობენ და ხდება მოქმედი მოსამართლეების გადახედვა. შეიძლება, ეს ყველაფერი დასრულდეს მათი სისტემიდან გაშვებით, რაც არის ანტიკონსტიტუციური მოვლენა არა მარტო ქმედებით, არამედ მატერიალური თვალსაზრისით, თავისი არსით ეწინააღმდეგება ასეთი რამ კონსტიტუციასა და მის სულისკვეთებას. ასეთ დარღვევას აქვს ადგილი სხვადასხვა ქვეყანაში.

ერთ-ერთ ქვეყანაში, ჩვენდა სამწუხაროდ, ქალბატონი ნონა წოწორია არის ჩართული, რომელიც ადეიშვილის მოადგილე იყო. ვინც სწორედ მსგავსი მეთოდი გამოიყენა საქართველოში სასამართლო სისტემაზე ტოტალური კონტროლის დასამყარებლად, იმ ადამიანის მოადგილე დღეს სხვა ქვეყანაში იმავე მეთოდს იყენებს. ვნახოთ, რით დასრულდება, მაგრამ წოწორიას რეფორმა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მის სულისკვეთებას და გარდა ამისა, ვეტინგი არის იმის აღიარება, რომ შენ არ ხარ შემდგარი სახელმწიფო. ეს არის შესაბამისი ქვეყნების უფლება.

უკრაინას შეუძლია ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, მოლდოვასაც შეუძლია ეს გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ საქართველო არ არის შემდგარი სახელმწიფო. იმიტომ, რომ ვიღაც-ვიღაცებისგან განსხვავებით, საქართველო ნამდვილად არის შემდგარი სახელმწიფო, ინსტიტუციურად გამართული სახელმწიფო. ამიტომ წოწორიას რეფორმა ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი სიახლეები