გლოვა ბაღდათში - მეწყერს 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გლოვა ბაღდათში. იძულებითი ემიგრაციიდან დაბრუნებულ ქალს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ უთხრეს, რომ მისი სამი შვილი და ქმარი სტიქიამ იმსხვერპლა. სოფელ ნერგეეთში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. 7 თებერვალს ჩამოწოლილ მეწყერს 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის არის ერთი ოჯახის ოთხი წევრი - მამა და შვილები. ახლა ყველა გეოლოგების პირველად დასკვნას ელოდება. მათ უნდა თქვან, შეიძლება თუ არა სოფელში ევაკუირებული ადამიანების დაბრუნება.
მოუსმინეთ სპეციალისტებს - მიმართავენ გარემოს დამცველები ხელისუფლებას. გეოლოგები ამტკიცებენ, რომ ცხოვრება საშიშია ნერგეეთშიც და ხულოშიც, სადაც ადამიანები გვიან ღამით სიკვდილს სასწაულით გადაურჩნენ. მეწყერმა სოფელი სხალთა მთლიანად დაფარა. ხალხმა თავს გაქცევით უშველა. წყალმა წაიღო ხიდები და ჩახერგა გზები, რის გამოც ადამიანებმა ტყის გავლით შეძლეს სოფლიდან გამოსვლა. ხულოს მუნიციპალიტეტიდან 35 ოჯახის ევაკუაცია მოხდა.