დატბორილი და დანგრეული სახლები - შიდა ქართლში სტიქიას ებრძვიან
სტიქიის კიდევ ერთი ეპიცენტრი - ქვიშხეთი. იმერეთისა და აჭარის შემდეგ სტიქიას შიდა ქართლში ებრძვიან. დატბორილია ასეულობით სახლი, 9 დაზიანებული, მათ შორის ერთი მთლიანად დანგრეული. მთიდან მოწყვეტილ მიწის მასას ხეები და ქვები მოჰქონდა. ის შენობები, რომლებიც ნგრევას გადაურჩა, დაბზარულია და იქ ცხოვრება საშიშია. ხალხი სახლებს ტოვებს, რადგან ვარაუდობენ, რომ სტიქია კიდევ განმეორდება. მეწყერის ზონიდან მოსახლეობამ მხოლოდ პირადი ნივთები წაიღო და ახლა სპეციალისტების დასკვნას ელოდებიან.
მძიმე ღამე იყო სურამის მოსახლეობისთვისაც. ორივე ლოკაციაზე მთელი დღეა გეოლოგები მუშაობენ, რომ საფრთხის დონე განსაზღვრონ. მინიმუმ ერთი კვირა საშიში ზონიდან გაყვანილი ხალხი სახლებს ვერ დაუბრუნდება - ასეთია რეკომენდაცია. ირკვევა, რომ უკვე არსებობდა დასკვნა, რის მიხედვითაც სურამში ზინდისის დასახლება მეწყერსაშიშად გამოცხადდა. მაგრამ გეოლოგების გაფრთხილებას ყურადღება არავინ მიაქცია. ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც დასახლებაში სტიქიური პროცესები განვითარდა.