ერთპარტიული მმართველობა ცესკოში - "ოცნება" საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესატანად ემზადება
მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის - "ქართული ოცნება" დღეს მეორე მოსმენით მხარს დაუჭერს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. ცესკოში ერთპარტიული მმართველობა იწყება. ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, უარი თქვას ვენეციიის კომისიის რეკომენდაციებზე და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოპოზიციონერი წევრი ჩამოაშოროს.
ივანიშვილის პარტია უფლებებს უზღუდავს სალომე ზურაბიშვილსაც. ანუ პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება, ცესკოს რჩეული წევრები პარლამენტს წარუდგინოს. ყველაფერი ერთპარტიულად მოხდება. ცესკოს თავმჯდომარესაც და წევრებსაც ივანიშვილისს პარტია დანიშნავს.
საკანონმდებლო ორგანოში სხდომა ზუსტად 12:00 საათზე დაიწყება. ოპოზიცია ამბობს, რომ ცვლილებები რეპრესიულია და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
ცვლილებები ცალსახად ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მათ შორის, არის რეპრესიული მეტწილად. მე არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციის კვოტა არ უნდა იყოს. აუცილებელია წარმომადგენლობითი თანასწორობა და კონსესუსი ცესკოში, რომელიც, პრაქტიკულად, გაანადგურა "ქართულმა ოცნებამ", თუნდაც პრეზიდენტის წარდგენის ჩამოშლა, თუნდაც მთელი ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის და არჩევის კვოტა, რომელიც არის სრული უმრავლესობის პრეროგატივა, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ოპოზიცონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ აღნიშნული ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას შეაფერხებს.
"ქართული ოცნება" არ აპირებს ევრორეკომენდაციების შესრულებას, შესაბამისად, საქართველოს წელს არ ექნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში ეს მოცემულობა თეორიულად ჩვენ შეგვეძლო, რომ გვქონოდა, - ამბობს თეონა აქუბარდია.
"ქართული ოცნება" კი ოპოზიციას ისევ საბოტაჟის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.
რადიკალურ ოპოზიციას, რევოლუციონერ კომიტეტს მიაჩნია, რომ მათი კანდიატურა უნდა იქნეს განხილული. ელექტრონული არჩევნების პირობებში გაყალბება შეუძლებელია ვინც არ უნდა იყოს, მაგრამ საბოტაჟში გამოწვრთნილი ოპოზიციის კანდიდატის მიღება და ამტკიცება, რასაკვირველია, საფრთხის შემცველია. ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციის აქტიური კამპანია მიმდინარეობს, რაც, კიდევ უფრო ხაზს გავუსვამ, რომ არის შემაშფოთებელი ანუ ეს რევოლუციური სცენარი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და თუ არჩევნების წინ ვერ მოახერხებენ, რასაკვირველია, არჩევნების შემდგომი პერიოდი ექნებათ ამისთვის, - ამბობს გია ვოლსკი.