"ვისაუბრეთ, რა უნდა გაკეთდეს, რომ საარჩევნო პროცესი იყოს მშვიდი" - პრეზიდენტი "მოქალაქეებს" შეხვდა

09.02.24 15:42
"ვისაუბრეთ, რა უნდა გაკეთდეს, რომ საარჩევნო პროცესი იყოს მშვიდი" - პრეზიდენტი "მოქალაქეებს" შეხვდა

ერთიანობის პლატფორმის ფორმატში პრეზიდენტთან შეხვედრა უკვე დაასრულეს პარია "მოქალაქეების" ლიდერებმა. ალეკო ელისაშვილი თქმით, საუბარი ძირითადად საარჩევნო პროცესის სწორად და მშვიდად წარმართვას შეეხებოდა და ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბარი არ ყოფილა.  

ამაზე ვლაპარაკობდით ძირითადად, რომ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყოს მშვიდი. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ოპოზიციონერებმა, რა უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა და რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა იმისთვის, რომ არჩევნებზე არ ვუყურებდეთ იმას, რასაც სულ ვხედავთ ხოლმე: ცემა-ტყეპა, თავპირისმტვრევა, ქვების სროლა. საერთოდ არ გვილაპარაკია ვინ ვისთან დაჯდება, ვინ ვისთან არ დაჯდება. ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს, ჩვენი საქმეები გვაქვს, - ამბობს ელისაშვილი.

ამავეს ადასტურებს ქეთევან თურაზაშვილიც, თუმცა აღნიშნავს, რომ საუბარი ევროკავშირის 9 პუნქტის შესრულებასაც შეეხო. 

პოლიტიკურ გაერთიანებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. საუბარი იყო არჩევნებზე, იმაზე, თუ როგორ უნდა ჩავატაროთ არჩევნები ისე, რომ მშვიდად შეიცვალოს ხელისუფლება. საუბარი იყო 9 პუნქტიან გეგმაზე, რომ უმნიშვნელოვანესია დეკამბრამდე გარკვეული ხაზები გამოჩნდეს, რომ ჩვენ ვაპირებთ ამ 9 პუნქტიანი გეგმის შესრულებას, იმიტომ, რომ ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს კორუფციული წარსული... კონკრეტიკაში არ შევალ და ასევე, პრორუსული ძალები, - ამბობს ქეთევან თურაზაშვილი

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ევრორეკომენდაციების შესრულების კუთხით გაერთიანების პლატფორმის შექმნა დააანონსა. უკვე მესამე დღეა პრეზიდენტი სასახლეში ოპოზიციონერ ლიდერებთან კონსულტაციებს მართავს. ზურაბიშვილთან შეხვედრაზე უკვე განაცხადა უარი "ქართულმა ოცნებამ". 

მსგავსი სიახლეები