თალაკვაძე: არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს ნამდვილად აქვთ ანგარიშვალდებულების პრობლემა
"ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას მომავალშიც შეასრულებს და გამჭირვალობის სტანდარტს უფრო გააუმჯობესებს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები სხვას თუ სთხოვენ, თვითონაც უნდა აჩვენონ ამ მხრივ მაგალითი", - ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ დეპუტატი არჩილ თალაკვაძე აკეთებს და შალვა პაპუაშვილის რიტორიკას სრულად იზიარებს, რომელიც მესამე სექტორს და მათ დონორებს ემუქრება.
თალაკვაძის თქმით, თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნაა, ყველამ იცოდეს, ვინ რა ინტერესებით არის მოტივირებული.
ვეთანხმები შალვა პაპუაშვილს, რომ ანგარიშვალდებულება უნდა ვაჩვენოთ ჩვენც, რომლებსაც გვთხოვენ, ანგარიშვალდებული ვიყოთ, მაგრამ მათაც მართებთ ანგარიშვალდებულება, გამჭირვალობა. თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნაა, ყველამ იცოდეს, ვინ ვისი სახელით ლაპარაკობს და ვინ რა ინტერესებით არის მოტივირებული. ამ მიმართულებით, სხვათა შორის თვითონ არასამთავრობო სექტორს აქვს არაერთი დასკვნა, კვლევა, შეფასება გაკეთებული წარსულში, სადაც ჩანს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს ნამდვილად აქვთ ანგარიშვალდებულების პრობლემა. საკუთარ დასკვნებში და შეფასებებში თავად აღნიშნავენ ამას. ამიტომ, ამ მიმართულებით ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას შეასრულებს მომავალშიც და კიდევ უფრო გააუმჯობესებს ანგარიშვალდებულების, გამჭირვალობის სტანდარტს. არასამთავრობო ორგანიზაციები სხვას თუ სთხოვენ, თვითონაც უნდა აჩვენონ ამ მხრივ მაგალითი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.